რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე | Allnews.Ge

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ეროვნულ - დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, 5% - ელენე ხოშტარიას. გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 7% "ნაციონალურ მოძრაობას", 3% "ევროპულ საქართველოს". ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 40% აცხადებს, რომ არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

NDI-მ კვლევა პარტიებისა და ამომრჩევლების იდეოლოგიებსა და შეხედულებებზეც ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა 23%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 4%-ის თქმით, "ევროპული საქართველო", ასევე, გამოკითხულთა 4%-ის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი", ხოლო 3%-ის თქმით, "ლეიბორისტული პარტია".

გარდა პარტიებსა და ამომრჩეველთა უმრავლესობას შორის შეხედულებებს შორის განსხვავებისა, NDI-მ კიდევ ერთი საკითხი გამოკვეთა. კერძოდ, გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. 18% მიიჩნევს, რომ ასეთია ამომრჩეველთა შევიწროება, 14% - ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა, 14% - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, 12% - საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა, 12% - ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად, 11% - კარუსელი.

NDI-მ მოსახლეობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გამოკითხა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, 19%-ის აზრით, ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. 4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 16% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ამასთან, გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ სასურველია ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან, არ ეკავოს ოფიციალური თანამდებობა. 21%-ის თქმით, სასურველია ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა, უმრავლესობის - 56%-ის თქმით კი, სასურველია ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კვლევა ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებითაც ჩატარდა, რომლის თანახმადაც ამოკითხულთა 72% ამ საქმეს იცნობს.

კითხვა "ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შემდეგნაირად ჩამოაყალიბა - "აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება - იცოდით თუ არა ამის შესახებ?" შესაბამისად, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 72% პასუხობს, რომ დიახ იცის, 26%-მა კი არ იცის.

იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, 82% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება". 9% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი.

იმ რესპონდენტებიდან, ვისაც სმენია აფგან მუხთარლის საქმის შესახებ, 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება", 11% არ ეთანხმება, ხოლო 11%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

14% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით", ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 76%, ხოლო 9%-მა არ იცის პასუხი.

შეკითხვაზე, რა გავლენას მოახდენს აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის რეპუტაციაზე, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ უარყოფით გავლენას მოახდენს, 15 % ფიქრობს, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს, 2% მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს, ხოლო 26%-მა არ იცის რა გავლენას მოახდენს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.