ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ავარიების 2017 წლის სტატისტიკა
2017 წელს საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 71-ში მიკროავტობუსი მონაწილეობდა, მათგან 20 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
რაც შეეხება ავტობუსების მონაწილეობით მომხდარ ავარიებს, ცნობილია, რომ თბილისში მიმდინარე წელს 23 შემთხვევა დაფიქსირდა.
"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, მოცემული სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა, რადგან მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი რაოდენობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის:
"ძალიან საგანგაშო სიტუაციაა, რადგან მაგალითად, ყურადღებას თუ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების შემთხვევაზე გავამახვილებთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სატვირთო მიკროავტობუსებია, რომლებიც მგზავრების გადასაყვანად კუსტარულად გადააკეთეს, შესაბამისად, მისი საშუალებით ხალხის გადაყვანა საფრთხისშემცველია. მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევებში შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გვხვდებოდეს, მაგრამ არსად ისეთი ფატალური შედეგებით არ სრულდება ავარია, როგორც საქართველოში", - განმარტავს დავით მესხიშვილი.
რა არის ავარიების ძირითადი მიზეზი საქართველოში
ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას თან ერთვიან მძღოლები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს თვითნებურად, შესაბამისი ნებართვის გარეშე მართავენ, - "ეს მძღოლები ასევე თვითნებურად, უკანონოდ მოწყობილი სადგურებიდან გადაადგილებიან და დარეგისტრირებული სადგურების მიკროავტობუსების მძღოლებსა და ამ "ხიშნიკ" მძღოლებს შორის ხდება გზაზე შეჯიბრი, რათა ერთმანეთს მგზავრების აყვანა დაასწრონ. ეს იწვევს სიჩქარის გადაჭარბებას და ზოგ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევებსაც", - აღნიშნავს მესხიშვილი და დასძენს, რომ ამჟამად სავალდებულო ტექდათვალიერებას უნდა გადიოდეს 185 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ძირითადი ნაწილი სატვირთო და მგზავრთა გადაყვანის დანიშნულებით გადაადგილდება, თუმცა მათგან მხოლოდ 14%-ის შემოწმება ხდება.
ავტომობილების ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიდება
"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის ინფორმაციით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილზე, რომლებიც ტექდათვალიერებას არ გადიან, უკანონოდ დამზადებული ფირნიშებია დაკრული.
"პრობლემები გვაქვს სათავეში, რადგან საქართველოში არ არსებობს ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება, საპატრულო პოლიცია კი რეაგირებს უკვე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე. ჩვენ მოვითხოვთ უწყების შექმნას, რომელიც პასუხს აგებს საგზაო ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტზე, ეს მსოფლიო ბანკის ექსპერტმაც გვირჩია. შეიძლება სამინისტრო ვერ შეიქმნას, იმიტომ რომ დამატებითი ხარჯების გაწევა არავის უნდა, მაგრამ როდესაც 600 გარდაცვლილით ევროპაში პირველ ადგილზე ხარ, საჭიროა უფრო რადიკალური ზომების მიღება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ისევე როგორც ეს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია", - განმარტავს დავით მესხიშვილი.
რაც შეეხება ავტობუსებს, რომელთა ავტოსაგზაო შემთხვევაში თანამონაწილეობაც წელს დედაქალაქში 23-ჯერ დაფიქსირდა, დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ ისინი, ძირითად შემთხვევაში ტექნიკურად გაუმართავია.
თბილისში ავტობუსების ორი ახალი მარშრუტი დაინიშნა
"ერთი დღის განმავლობაში ავტობუსებით 390 000-ჯერ მგზავრობა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაზე პოპულარული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. თუმცა, მათი რაოდენობა არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ახალი ავტობუსები დაგვემატა, ძველი ავტოპარკის ძირითადი ნაწილი ამორტიზებული და რეალურად საფრთხისშემცველია, კომფორტზე კი საუბარიც ზედმეტია", - აღნიშნავს "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე. მისივე თქმით, თითოეულ ავტობუსს შეიძლება 30-40 და მეტი ადამიანი გადაჰყავდეს, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაცილებით ფატალური შედეგი მოჰყვება.
დავით მესხიშვილი ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით, ავტოპარკის ყოველწლიურად განახლებას სთავაზობს:
"ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ყველა უწყების და განსაკუთრებით მერიის მიმართ დედაქალაქში ყოველწლიურად ავტოპარკის განახლებაა, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვექნება. ამ ავტობუსებმა სინამდვილეში ისეთი ტექდათვალიერება რომ გაიარონ, როგორიც ნორმებს შეესაბამება, ქალაქში მხოლოდ ახალი ავტობუსები დარჩება და დანარჩენის ხაზიდან მოხსნა მოგვიწევს. ამ ავტობუსების ხაზიდან მოხსნით მგზავრთა გადაყვანის კუთხით კრიზისი რომ არ იყოს, გამოდის, რომ თანამოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხის წინაშე ვაყენებთ. ეს დაუყოვნებლივ უნდა დამთავრდეს, უნდა განხორციელდეს ინვესტიცია, გრანტი, სესხი, სხვა ნებისმიერი რამ, რითიც ყოველწლიურად ავტობუსების პარკი განახლდება", - განმარტავს ასოციაციის თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მიკროავტობუსების მონაწილეობით 225 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, სტატისტიკა კი, დავით მესხიშვილის თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ხელისუფლებამ ეფექტური ზომებს არ მიმართა.