რა სამხედრო ტექნიკას აწარმოებს საქართველო
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ათობით სამხედრო დანიშნულების პროდუქციას ქმნის, რომელთა დაპროექტება და გამოცდაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ცენტრის ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, "დელტა" ნაღმმტყორცნებს, სხვადასხვა საარტილერიო სისტემას, ჯავშანტექნიკასა და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს, როგორც საქართველოსთვის, ისე რამდენიმე ქვეყნისთვის აწარმოებს.
„დელტა“ ათობით სამხედრო დანიშნულების პროდუქციას ქმნის, რომელთა დაპროექტება და გამოცდაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ცენტრის ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში რა პროდუქცია გადის, დახურულ ინფორმაციას წარმოადგენს, - "ჩვენი საექსპორტო პოტენციალი ფარავს როგორც არაბულ ქვეყნებს, ასევე უახლოეს საზღვარგარეთს, ევროპასა და ამერიკას. ასევე წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, რაც დამატებით საკმაოდ დიდ გაყიდვებს გულისხმობს და რამდენიმე ასეულ მანქანაზეა საუბარი. გარდა ამისა, მიმდინარეობს პროდუქტების შეთანხმებითი ნაწილის დამუშავება, რის შემდეგაც ამ პროდუქტების გამოცდა მოხდება. ასევე, ვგეგმავთ წარმოების ზრდასა და ავტომატიზაციის საშუალებების დანერგვას, რაც ჩვენს პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის,“ - განმარტავს უჩა ძოძუაშვილი.
„დელტას“ როგორც ძველი, ისე ახალი წარმოების სპეციალური დანადგარები აქვს, რომელთა მეშვეობითაც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მაკომპლექტებელ ნაწილებსა და კომპონენტებს ამზადებს, მაგალითად, ხუთკოორდინატიანი ჩარხი, საბრძოლო ტექნიკის დეტალების დამზადების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ჩარხში მოხვედრილი დეტალი შესაბამის პროცედურას გადის, საბოლოო ეტაპზე კი ურთულესი კონსტრუქციის და ფიგურის მქონე დეტალი გამოდის.
ცენტრი ასევე ცნობილ ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორი 1-სა და დიდგორი 2-ს აწარმოებს. დიდგორი 1 სამკაციანი ეკიპაჟისა და 6 კაციანი დესანტის მქონე ჯანშანმანქანაა, რომელიც 8 ტონაზე მეტს იწონის. გარდა ძირითადი საშუალებებისა, ის აღჭურვილია დღე-ღამური ხედვის კამერებით, რომელთა მეშვეობითაც მძღოლ-მექანიკოსს შეუძლია, უკუნეთ ღამეში ჩამქრალი ფარებით, სითბოვიზორის გამოყენებით გადაადგილდეს.
„დელტას“ სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, გიგა ინაშვილის თქმით, დიდგორი 1-ის ბაზაზე იწარმოება საევაკუაციო ჯავშანმანქანა Didgori Medevac, რომელიც კონკრეტულად საექსპორტოდაა განკუთვნილი, - „მანქანა 2016 წლიდან იწარმოება,რამდენიმე ათეული მათგანი უკვე ექსპორტზეც გავიდა ახლო აღმოსავლეთში, შედეგად, შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეადგინა. სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობა ამჟამად რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს,“ - განმარტავს ინაშვილი და დასძენს, რომ გარდა ამისა, „დელტაში“ შექმნილია საბრძოლო ქვეითთა მანქანა „ლაზიკას,“ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა RS-122 და თვითმავალ ნაღმტყორცნი
GMM 120, ეს უკანასკნელი მთელ რიგ ტექნოლოგიურ სიახლეებს შეიცავს და მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ციფრული ცეცხლის მართვის სისტემითაა აღჭურვილი.
სულ ცოტა ხნის წინ, „დელტამ“ საქართველოს შეიარაღებული ძალები მის მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტებით მოამარაგა, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია ამზადებს. ამ პროდუქციას ცენტრი უკვე წლებია ავღანეთში და ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს აწვდის და თუ მოთხოვნა იქნება, ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
"MK1 ტიპის ჯავშანჟილეტს და DH MK1 ტიპის ჩაფხუტს ქართული სამშვიდობო კონტიგენტი დღესაც იყენებს ავღანეთში. MK2 ტიპის ჯავშანჟილეტი კი ჩვენს სამხედროებს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში ეცვათ. MK1 ტიპის საერთო საჯარისო ჯავშანჟილეტი, მებრძოლის სხეულის დიდი ნაწილის დაცვაზეა გათვლილი, აქვს ყელისა და მხრების დამცავები, ხოლო MK2 ტიპის ჯავშანჟილეტი, რომელიც „ფლერით ქერიერის“ სქემითაა შექმნილი ძირითადად, გულმკერდის არეს იცავს, ხოლო ფერდის ნაწილებზე არსებული ბალისტიკური ფენა მებრძოლის სხეულს ნამსხვრევებისგან იცავს. რაც შეეხება ჩაფხუტებს, მათი ჯავშანდაცულობა გათვლილია ნამსხვრევებისა და ასევე სხვადასხვა ტიპის პისტოლეტის ტყვიების შეკავებაზე"- აღნიშნავს გიგა ინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონს გაზაფხული-ზაფხულის სეტყვასაშიშ სეზონზე უკვე მესამე წელია „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა იცავს.
სეზონის განმავლობაში რამდენიმე ათეული სეტყვასაშიში პროცესიდან სისტემა მათ 90 % ზე მეტს მთლიანად ანეიტრალებს ან მნიშვნელოვნად ასუსტებს.
- „კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა„დელტას“ მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს დამონტაჟდა. სისტემა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია მართვის ცენტრი რომლიდანაც კახეთში 24 საათიან რეჟიმში ღრუბლის მასებისა და ატმოსფერული ნალექის კონტროლი ხდება, სიღნაღის სიახლოვეს ჭოტორის მთაზე განთავსებული მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგური და სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი 85 ერთეულამდე სტაციონარული საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი, რომელიც კახეთის ყველა რაიონშია დამონტაჟებული. მათი საშუალებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ კი სეტყვის სარაკეტო დამუშავება ხდება,“ საერთო ჯამში სისტემის საშუალებით რეგიონში 600 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა ხდება – განმარტავს „დელტას“ წარმომადგენელი.
"დელტა" ჩამოთვლილ სამხედრო დანადგარებთან ერთად, სნაიპერულ შაშხანებს, ყუმბარმტყორცნ RPG 7-ს , უხმაურო ნაღმტყორცნ GNM 60-ს ("მყუდრო") და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, RD 7-საც მასობრივად აწარმოებს.
ყუმბარმტყორცნი RPG 7 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღია, რომელსაც საომარ მოქმედებებში უამრავი ჯავშანტექნიკა აქვს აფეთქებული, - „ყუმბარმტყორცნი იწარმოება სტანდარტული კონფიგურაციით, მექანიკური სამიზნე მოწყობილობით და აქვს სპეციალური რელსი, რომელზეც ოპტიკური სამიზნის დამონტაჟებაც შეიძლება. გარდა ამისა, დამუშავებული გვაქვს RPG 7-ის მოდერნიზებული ვერსიაც, რომელშიც გაზრდილია ერგონომიკა და მეტად არის ადაპტირებული ამა თუ იმ ქვედანაყოფის მოთხოვნილებაზე - დასძენს გიგა ინაშვილი.
სამხედრო-ტექნიკურ ცენტრს მთლიანად აქვს ათვისებული ასევე 60, 82 და 120 მმ კალიბრის ხელით გადასატანი და ბუქსირებადი ნაღმმტყორცნების წარმოებაც, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები და წარმოების ხარისხი მსოფლიოში არსებულ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებთანაა შესაბამისობაში მოყვანილი.
ჩამოთვლილ შეიარაღებასთან ერთად, "დელტა" უკვე დიდი ხანია უშვებს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ "იამანს," პისტოლეტ P 9-ს," სნაიპერულ შაშხანა "დელტა 308"-ს, ასევე სნაიპერულ შაშხანებს "სატევარ 1"-სა და "სატევარ 2-ს," მაყუჩიან პისტოლეტ "სკორპიონსა" და სნაიპერულ შაშხანა სატევარ "კალიბრი 338"-ს, ასევე სნაიპერულ შაშხანებს „სატევარი 1“ და „სატევარი 2,“ მაყუჩიანს პისტოლეტს „სკორპიონი“ დაანტიმატერიული შაშხანები „პდშპ-1“ და „პდშპ-2.“