რა არის ე.წ. ბიო ნარკოტიკი? - თემაზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია საუბრობს | Allnews.Ge

რა არის ე.წ. ბიო ნარკოტიკი? - თემაზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია საუბრობს

ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება ბიოს მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებაში ისევ აქტუალური გახდა. ამ საკითხზე განცხადება GEM Fest-მა გაავრცელა: "უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!"

 რა არის ე.წ ბიო და რა შედეგებს იწვევს მისი მოხმარება?

ნარკოლოგ დავით ვადაჭკორიას თქმით, ბიო კრებითი სახელია, რომელსაც რამდენიმე ტიპის ნარკოტიკულ ნივთიერებას უწოდებენ და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე სხვა ნარკოტიკის ზეგავლენას 10-20-ჯერ აღემატება.

"ბიოს დიზაინერულ ნარკოტიკს უწოდებენ. არსებობს ბიო კანაბინოიდები, ბიო სტიმულატორები, ბიო ოპიოიდები, მათი მოქმედება თითქმის, მსგავსია. თუმცა მაგალითად, ბიო ოპიოიდების ნერვულ სისტემაზე ზეგავლენა გაცილებით ძლიერია, რადგან ისინი ქიმიური გზით არის დამზადებული," - განმარტავს ექიმი.

ნარკოლოგის თქმით, თუ მარიხუანა მოქმედებს 5 ერთეული სიძლიერით, მისი მსგავსი ბიო კანაბინოიდი, 30-ჯერ უფრო ძლიერად მოქმედებს და ამიტომ გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს იწვევს.

"საქართველოში ბიო კანაბინოიდებს მოიხმარენ და მისი სიძლიერე ჯერადობით, ჩვეულებრივ კანაბინოიდზე მეტია.

აქედან გამომდინარე, მისი მოქმედების შედეგი გაცილებით ძლიერია, რაც შეიძლება ფსიქოზურ აშლილობაში, კრუნჩხვების განვითარებაში, გულსისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვასა და სიკვდილიანობაში გამოიხატება. ბიო მოხმარებით სიკვდილიანობს მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით მაშინ გვაქვს, როდესაც რამდენიმე ნარკოტიკის ერთად მოხმარება ხდება".

დავით ვადაჭკორიას თქმით, იმის პროგნოზირება, ბიოს მოხმარება ცალკეულ შემთხვევებში რა შედეგებს გამოიწვევს, თითქმის შეუძლებელია.

"ბიო უმძიმეს დამოკიდებულებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირი მას სისტემატურად მოიხმარს.

ლტოლვა ამ ნარკოტიკის მიმართ გაცილებით მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე ჩვეულებრივი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში," - აღნიშნავს ნარკოლოგი და დასძენს, რომ ერთხელ მოხმარების შემთხვევაში შესაძლოა, პირს დამოკიდებულების განცდა არ გაუჩნდეს, მაგრამ ის აღმოჩნდეს კომატოზურ მდგომარეობაში ან ტვინის ფუნქციონირება ნელ-ნელა დაერღვეს.

რაც შეეხება დოზას, დავით ვადაჭკორია განმარტავს, რომ ამის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უცნობია, ადამიანზე უარყოფით ზეგავლენას რა რაოდენობა მოახდენს.

"თითოეულ ადამიანზე ბიო განსხვავებულად მოქმედებს

შესაძლოა, პირველივე მოხმარებამ ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს, რაც დოზის ბრალი სულაც არ იყოს". დავით ვადაჭკორიას თქმით, ნარკოტიკების მოხმარება ფესტივალებზე განსაკუთრებით საშიშია, რადგან ის მყოფი პირები ნარკოტიკებს ძირითადად, პირველად მოიხმარენ და ხანდახან დოზისა თუ აუტანლობის გამო, ლეტალური შედეგი დგება.

რაც შეეხება ბიოს დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, დავით ვადაჭკორია განმარტავს, რომ ეს საკმაოდ მძიმე პროცესია და დიდ მონდომებასა და მუშაობას მოიცავს, თუმცა მისგან სრულად განკურნება შესაძლებელია.

 

მარიამ მენაბდიშვილი