11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა" | Allnews.Ge

"ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა"

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

როგორც სეთურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობა სწორედ უსაფრთხოებისა და აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესდა.

მისი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემოვლით გზაზე, რომელიც გამოირჩეოდა ტრაგიკული საავტომობილო ავარიებით, ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ქუთაისის შემოვლით გზაზე, დაახლოებით 40-კილომეტრიან მონაკვეთზე არის ორმხრივი მოძრაობა. გამომდინარე იქედან, რომ გზა კარგი ხარისხისაა, არ იგრძნობა სიჩქარე, ბევრი მძღოლი დადიოდა სიჩქარის გადაჭარბებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 90 კმ/სთ სიჩქარითაა მოძრაობა ნებადართული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ამან კიდევ ერთხელ გვაიძულა დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიგვეღო.

მაქსიმალურად მოვაწყვეთ უსაფრთხოების ზომები - მოვაწყვეთ რამდენიმე ხმაურიანი ზოლი, ასევე დავაყენეთ განათება, რათა ღამის საათებში უფრო იოლი ყოფილიყო გადაადგილება, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად დღის საათებში ხდებოდა. შემდგომ, პატრულის წინადადება იყო, რომ ღამის განათებების მშენებლობის პროცესში დაკეტილიყო გზა და შემხვედრი მოძრაობა დაფნარისკენ გაგვეშვა ქუთაისის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ყველა სამუშაო ვადამდე დავასრულეთ, პატრული თავს იკავებს რაიმე ახალი წინადადებისგან, რადგან არც ქუთაისის გზაზე, არც შემოვლით გზაზე არ დაფიქსირებულა ავტოსაგზაო შემთხვევა, მითუმეტეს ისეთი, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული შედეგები.

ჩაითვალა, რომ თუკი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, უმჯობესია ადამიანმა ცოტა დისკომფორტი განიცადოს.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩვენი თანამოქალაქეები არ იცავენ მოძრაობის წესებით დადგენილ შეზღუდვებს და აღნიშნულ მონაკვეთზე მაინც სიჩქარის გადაჭარბებით დადიან", - განაცხადა სეთურიძემ.

მისივე თქმით, რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებს აღნიშნული რეჟიმი, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, როგორც სეთურიძემ აღნიშნა, შემოვლით გზას დაემატება ორი სამოძრაო ზოლი, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე დასრულდება.

"წლის ბოლოს დასრულდება დამატებითი ორი ზოლის პროექტირება, რაც მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს და დაიწყება დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა", - განაცხადა სეთურიძემ.