როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და საჭირო წყლის რაოდენობა - დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
ალბათ ბევრჯერ გინახავთ ტოპმოდელები სოციალურ ქსელებში ბოსტნეულითა და ხორცით სავსე ლანგრის ფოტოს რომ ათავსებენ და გიკვირთ, ამდენი კვებით წონაში როგორ არ იმატებენ. დიეტოლოგ ლაშა უჩავას თქმით, ამისი მიზეზი პროდუქტების სწორად შერჩევა, დღეში 4-ჯერადი კვება და ფიზიკური აქტივობაა.
დიეტოლოგის თქმით, წონაში დასაკლებად საკუთარ თავს მკაცრად არ უნდა მოვექცეთ და აუცილებელი პროდუქტები არ უნდა შევზღუდოთ, რადგან გახდომა მათი ზომიერად მიღებითაც შესაძლებელია.
"ზომიერების ფარგლებში, შეგვიძლია, ყველაფერი მივირთვათ, ცხადია, ამაში არ იგულისხმება სწრაფი კვების პროდუქტები. აუცილებელიად უნდა მივიღოთ ჩვენი წონისთვის შესაბამისი რაოდენობის წყალი, რომლის გამოთვლაც შემდეგნაირად ხდება: წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და დღის განმავლობაში მიღებული რაოდენობის შესაბამისი წყალი მივიღოთ, რათა ჩვენმა ორგანიზმმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს არ გამოიფიტოს," - განმარტავს ექიმი.
როგორ დავადგინოთ, რამდენია ჩვენი სხეულის მასის ნორმალური ინდექსი?
ლაშა უჩავას განმარტებით, ჩვენი სხეულის ნორმალური მასის ინდექსის დასადგენად, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაბამისია ჩვენი წონა სიმაღლესთან, ასეთი ფორმულა არსებობს: წონა უნდა გავყოთ წილადებში გადაყვანილი სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ 78 კილოგრამს ვიწონით და სიმაღლეში 180 სანტიმეტრი ვართ, 78 უნდა გავყოთ 1,8-ის კვადრატზე. თუ მიღებული ციფრი 18-ის ქვემოთაა, ეს წონის დეფიციტს ნიშნავს, 18-დან 25-მდე სხეულის მასის ნორმალური ინდექსია, ხოლო 25-დან 29-მდე მიღებული რიცხვი ჭარბ წონაზე მიუთითებს. თუ გამოთვლის შედეგად 30 და უფრო დიდი რიცხვი მიიღეთ, ესეიგი საქმე სიმსუქნესთან გვაქვს.
თუ ჭარბი კილოგრამები გაწუხებთ და მათ დაკლებას სეზონური დიეტებით ცდილობთ, დიეტოლოგის თქმით, ორგანიზმს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
"ასეთი დიეტების დაცვა სასუველია მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ორგანიზმი გარკვეულწილად გაიწმინდოს და თან ჩვენი წონა შევინარჩუნოთ. ასეთი დიეტის დაცვის შემთხვევაში აუცილებელია დიაგნოსტირება. კერძოდ, ექიმმა უნდა გირჩიოთ, რომელი პროდუქტის მიღება უნდა მოხდეს ამ დღეების განმავლობაში.
თუ საქმე თირკმლის პრობლემებთან გვაქვს, მონოდიეტის ცილოვანი პროდუქტებით დაცვა რეკომენტებული არ არის.
ამ შემთხვევაში, თუნდაც კენჭოვანი დაავადების დროს, შესაძლებელია, ეს კენჭი დაიძრას და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს," - განმარტავს მედიკოსი.
ზაფხულში ძალიან გავრცელებულია საზამთროს სეზონური დიეტა, რომელსაც ექიმი რეკომენდაციას არ უწევს, რადგან მან ორგანიზმის დასუსტება და შესაძლოა, რაიმე დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე, ძალიან პოპულარულია დუკანის ცილოვანი დიეტა, რომლის მეშვეობითაც კილოგრამებს ვკარგავთ, თუმცა ჩვენს თირკმელს ამ დროს ფუნქციონირება უჭირს.
"თუ თვითონ დუკანის სტატიებს წავიკითხავთ, დიდი ხნით ცილების მიღების მომხრე თავადაც არ არის და წერს, რომ ყველა ჩვენგანი ჯანსაღად უნდა იკვებებოდეს, თუმცა არცერთი დიეტის და მათ შორის დუკანის დაცვას ჩემს პაციენტებს არასდროს ვურჩევ," - აღნიშნავს ლაშა უჩავა.
როგორ ვიკვებოთ ვარჯიშის პარალელურად?
წონაში დასაკლებად მხოლოდ ჯანსაღი კვება საკმარისი არ არის, მას თან ვარჯიშიც უნდა დავურთოთ, რისთვისაც ენერგია გვჭირდება.
"უმჯობესია, თუ ვარჯიშის წინ, ნახშირწყლებით მდიდარ ხილს, ბოსტენეულსა ან ბურღულეულს მივირთმევთ. ვარჯიშის შემდეგ კი ცილით მდიდარ პროდუქტს," - განმარტავს ექიმი.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკისა და კვების მიხედვით წონაში მატების ტენდენციებს.
"წონაში კლება შეიძლება მაშინ, როდესაც ვიცავთ ჯანსაღი კვების წესებს და არა თვითნებურ დიეტას. ზოგადად, ქალებსა და მამაკაცებში წონაში მატება გარკვეული ასაკიდან იწყება, რასაც ლოგიკური მიზეზები აქვს. არსებობს ქალური ანუ მსხლისებური სიმსუქნე, როცა ცხიმოვანი მასა ბარძაყების მიდამოებში გროვდება და კაცური ანუ ვაშლისებური გასუქება, როცა ცხიმი მუცლის არეში გროვდება. ქალების შემთხვევაში ეს მენოპაუზას უკავშირდება, რომელიც 40 წლის ასაკიდან იწყება, ხოლო მამაკაცებში ამ პრობლემის არსებობა დაახლოებით, 45 წლამდე ასაკში სექსუალური ფუნქციის დარღვევებს უკავშირდება. რაც შეეხება ბავშვებს, თუ სიმსუქნის პრობლემა დადგა, უნდა აიკრძალოს ნახშირწყლები და აუცილებელიად დაინიშნოს ვარჯიში." - დასძენს ლაშა უჩავა.
ექიმი ყველაზე სახიფათო დიეტასაც ასახელებს, რომელიც ორგანიზმზე განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას ახდენს.
"მაწონით, ყავით, თაფლითა და არყით ამზადებენ კოქტეილებს, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევენ. მსგავსი შიმშილის დიეტების შედეგად ადამიანები ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან. მათ ექმნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კანის, თმისა და ფრჩხილის პრობლემები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რაც შემდგომში გამოსასწორებლად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წონაში კლება," - განმარტავს მედიკოსი.
"მე არასდროს მივირთმევ სწრაფი კვების პროდუქტებს, რადგან მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ და პირიქით, ორგანიზმისთვის საზიანოა.
არასდროს არ ვურჩევ პაციენტს ისეთ რამეს, რასაც მე არ ვაკეთებ, ვინაიდან ამის საშუალებას ჩემი მორალი არ მაძლევს. ჯანსაღი კვების წესების დაცვა აუცილებელია, თუმცა ხანდახან მათი დარღვევაც შეიძლება, უბრალოდ ეს არ უნდა იყოს პერმანენტული ხასიათის."