
სვანეთში, სოფელ მაზერში მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
"არანაირი საშიშროება არ არის რომ დასახლებულ პუნქტს საფრთხე შეექმნას. მეწყერი 100 მეტრზე ჩამოწვა, სოფლამდე 2 კილომეტრია. მეწყერი უშბის პლატოს მეორე მხარეს ჩამოწვა", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.
მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ მაზერში არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს და დახმარებას ითხოვს.
"სვანეთში, ბეჩოს ხეობის ბოლო სოფელ მაზერში, უშბიდან ჩამოწვა მეწყერი. დღესაც თუ იწვიმა სოფლისაკენ დაიძვრება და კატასტროფა მოხდება. საჭიროა ზომების მიღება და ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის აყვანა, რომ მეწყერს გზა სხვა მიმართულებით გაუხსნან და სოფელს აარიდონ. ერთხელ ასეთმა მეწყერმა სოფელ მაზერის ბოლოს, შიხრაში ტურისტული ბაზა წალეკა და კინაღამ სოფელი წაიღო, ბედად კალაპოტი გამოუჩნდა და სოფელს გვერდი აუარა. ამჟამად, უფრო ცუდი მდგომარეობაა, ეს კალაპოტი ამოუვსიათ და სოფელს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საშუალებით ითხოვს დროულად დახმარებას. დაგვეხმარეთ!!!", - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.