საქართველოში მაგნიტური დღეები ფიქსირდება - უქმნის თუ არა იგი საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას
ბოლო ორი დღის განმავლობაში გეომაგნიტური აქტივობის ინდექსი 4-დან 6-მდე მერყეობს. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის ასტროფიზიკოსმა ალეკო თევზაძემ მიაწოდა. ასტროფიზიკოსის განმარტებით, გეომაგნიტური აქტივობა K ინდექსით (0-9) იზომება.
"ნული არის წყნარი, როდესაც გეომაგნიტური აქტივობა არ აღინიშნება და ცხრა არის ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური მაჩვენებელი, როდესაც მზიდან მოდის შეშფოთებები. უკვე მეორე დღეა K ინდექსი 4-დან 6-მდე იცვლება, რაც პრინციპში გეომაგნიტური ქარიშხალია. რაც იმას ნიშნავს, რომ მზიდან შეშფოთებები მოვიდა და დედამიწის მაგნიტურ სფეროს დაეჯახა", - განმარტა ალეკო თევზაძემ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დაფიქსირეული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, ითვლება რომ მსგავსი აქტივობა არ არის ძლიერი.
ასტროფიზიკოსის განმარტებით, მოსახლეობის გაფრთხილება ძირითადად იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც გეომაგნიტური მაჩვენებლი მე-7 - მე-8 ნიშნულს გასცდება.
"ჩვეულებრივ მაგნიტურ ველს ადამიანი ვერ გრძნობს, ამას გრძნობენ დედამიწის ორბიტაზე განთავსებული სატელიტები და სხვა ელექტრომაგნიტური ხელსაწყოები", - აღნიშნა თევზაძემ.
Allnews.ge დაინტერესდა აქვს თუ არა მაგნიტურ დღეებს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა სიმპტომებით შეიძლება ის ხასიათდებოდეს.
ოჯახის ექიმის სოფო ჩხეიძის განმარტებით, ყველა ადამიანი ამ დღეს თავისებურად აღიქვამს, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზოგად ასახვას მაინც პოულობს.
"ასეთ დღეს აქვს გარკვეული გავლენა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ჯანმრთელობაზე გარკვეული ასახვა აქვს. მაგნიტური დღეების განმავლობაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისუსტე, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვული დაძაბულობა. გააჩნია ადამიანის ტიპაჟსაც, ანუ რამდენად არის ემოციური ან ნაკლებემოციური", - განმარტა სოფო ჩხეიძემ.
თერაპევტმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ პაციენტები მას ხშირად მიმართავენ და მაგნიტური დღეების გავლენაზე უყვებიან, თუმცა, ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ მაგნიტური დღის აღქმა უფრო მეტად ფსიქოლოგიური მომენტია, ვიდრე ფიზიკური. მეტად ემოციური ადამიანები გაცილებით მეტად აქცევენ მაგნიტური დღეების ცვალებადობას ყურადღებას.