ფაროსანა ბაღებიდან სახლებში ინაცვლებს - როგორ ვებრძოლოთ მავნებელს და საშიშია თუ არა იგი ჯანმრთელობისთვის?
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით, სამეგრელოში მოსავალს ისევ ანადგურებს, თუმცა კლიმატის ცვლილების გამო მწერებმა მიგრირება საცხოვრებლებსა და მათ მიმდებარე ბაღებში დაიწყეს, რათა გამოიზამთრონ. ტემპერატურის მატების შემდეგ კი მავნებლები ისევ ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღებს დაუბრუნდებიან. ამ მიზეზით, დასავლეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა მწერი სახლებში უკვე შენიშნა. ამასთან, თბილისის მცხოვრებლების ნაწილიც აცხადებს, რომ სახლებში ბოლო პერიოდში მათაც შენიშნეს ფაროსანას მსგავსი მწერები.
საინტერესოა, მავნებელია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურა ლიპარტიას განმარტებით, საქართველოში 24 სახეობის ფაროსანაა გავრცელებული, თუმცა კონკრეტულად აზიური ფაროსანა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ფიქსირდება, -"აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალისტებს ჯერ არ აღმოუჩენიათ, აქ მხოლოდ მისი მსგავსი ბაღლინჯოებია გავრცელებული, თუმცა მწერს 70 კილომეტრის გავლა შეუძლია, სწორედ ამიტომ გამორციხული არაფერია".
მისივე თქმით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მას მხოლოდ ნაყოფის დაზიანება და თავდაცვის მიზნით უსიამოვნო სუნის გამოყოფა შეუძლია.
"მწერის მიერ დაზიანებული ნაყოფი ადამიანის მოწამვლას არ იწვევს, მაგრამ პროდუქტს გემური თვისებას უკარგავს. მიუხედავად ამისა, ნაყოფისთვის დაზიანებული ნაწილის მოშორება და მისი ჭამა შესაძლებელია. პროდუქტში ფაროსანა უშვებს ფერმენტს, რომელიც ნაყოფს შლის, შემდეგ კი მწერი წვენს ამოწოვს. სწორედ ამიტომ პროდუქტი გემურ თვისებას კარგავს, თორემ საშიში და მომწამვლელი ნამდვილად არ არის", - აღნიშნავს სპეციალისტი Allnews.ge-სთან საუბარში.
აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი რომ არ არის, ამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც ადასტურებენ.
როგორ უნდა ებრძოლოს მოსახლეობა აზრიურ ფაროსანას? როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, მისი აღმოჩენის შემთხვევაში მწერის გასანადგურებლად აუცილებელია, რამდენიმე გამოცდილი და ეფექტური მეთოდი გამოვიყენოთ, რათა მომავალ წელს მოსავლის გადარჩენა შევძლოთ.
"მავნებელს საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, ამიტომ მისი განადგურება მხოლოდ ქიმიური საშუალებებითა და მექანიკური მეთოდებითაა შესაძლებელი. ერთი ფაროსანას განადგურებით შემდეგ წელს, ორასი ახალი მავნებლის გავრცელებას ვუშლით ხელს, ამიტომ მოქალაქეებმა პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად უნდა მიიღონ. კერძოდ, სახლებში ქიმიური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მექანიკური მეთოდებით, მტვერსასრუტით ან საპნიან წყალში ჩაყრით უნდა გავანადგუროთ.
ასევე, ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, სიბნელეში საპნიანი წყლით სავსე ჭურჭელთან ნათურის მოთავსება, სადაც მწერები შეგროვდებიან და შიგნით ჩაცვივდებიან",- გვირჩევს სპეციალისტი.
მავნებლის გასანადგურებლად ღონისძიებების განხორციელება სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 230 000 ლიტრი პესტიციდი შეიძინა და ფერმერებს პლანტაციების დასამუშავებლად გადასცა.
"გარდა ამისა, თითოეულ ოჯახს გადაეცემა ფერომონიანი მოსაზიდი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამზადებული და მწერს იზიდავს. მისი გამოყენების მეთოდი კი ასეთია:
ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ნებისმიერ ხეზე უნდა ჩამოვკიდოთ და მცენარე კვირაში ერთხელ პრეპარატით შევწამლოთ, სანამ ფაროსანა შენობებში შევა, თავს სწორედ ამ ხეებზე მოიყრის, პრეპარატთან კონტაქტის შედეგად კი დაიხოცება. თუ ამას ყველა ოჯახი გააკეთებს, მომავალ წელს მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება," - განმარტავს ზურა ლიპარტია.
ზურა ლიპარტიას თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები ეფექტურია.
"მაგალითად, აშშ-ში ფაროსანას უკვე 16 წელია ებრძვიან, შედეგად, ზარალი 5%-მდეა დაყვანილი. შტატებში ფერმერები მწერს საკუთარი რესურსებით ებრძვიან, სახელმწიფოს ფუნქცია კი მათთვის შეწამვლის პერიოდების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. საქართველოში უკვე 100 000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია შევწამლეთ. პირველი წელია, ამ მწერის გამრავლებას ვებრძვით და შესაბამისად, მისი ბიოლოგიური მონაცემების შესწავლა ახლა გვიწევს. ჩვენი ქვეყანა მსგავსი მავნებლების მასობრივად გამრავლების პრობლემის წინაშე არაერთხელ დამდგარა. მაგალითად, 10 წლის წინ მასობრივად გავრცელდა ამერიკული თეთრი პეპელა, იყო კალიების გამრავლების შემთხვევებიც, ამიტომ ახლანდელ ვითარებაში საგანგაშო არაფერი არ არის, რადგან ყოველწლიური კონტროლითა და წამლობით ფაროსანას რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია," - დასძენს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანა ვერ აზიანებს ისეთ კულტურებს, როგორებიცაა ხახვი, ნიორი, კარტოფილი და მსგავსი პროდუქტები, ასევე საზამთრო, თუმცა მავნებელს ჩვენს ქვეყანაში 200-მდე მცენარის განადგურება შეუძლია.
მარიამ მენაბდიშვილი