
206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის ექიმმა თინათინ იმერლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ბავშვს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება, აქედან გამომდინარე, ჟანგბადდამოკიდებულია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ექიმის თქმით, 3 წლის პაციენტს მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა და ქალა–ტვინის ტრავმა აქვს მიღებული.
ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის გოგონა 25 სექტემბერს გადმოვარდა. ფაქტის გამო საბავშვო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, ასევე ჯგუფის აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან დაითხოვეს.