რატომ ვინაცვლებთ ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში?
შემოდგომის კლიმატი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ბოლო წლებია ზაფხულიდან პირდაპირ ზამთარში ვინაცვლებთ.
ჩვენს ქვეყანაში ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, რამაზ ჭითანავა გლობალური დათბობის პრობლემას უკავშირებს. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოზეც აისახება.
"ასეთ ანომალურ მოვლენებს, არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამ სფეროში მომუშავე გამოჩენილი მეცნიერები კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ საშუალოდ 0,80 C- ით გრადუსით აიწია. თითქოს ეს უმნიშვნელოა, მაგრამ აშკარად დაირღვა მრავალი საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული კლიმატური სისტემა, შეიცვალა ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები, რამაც ამა თუ იმ რეგიონისთვის იშვიათად გამეორებადი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და მათთან დაკავშირებული გეოლოგიური ხასიათის მოვლენების გახშირება გამოიწვია. მაგალითად, ბოლო წლებში, საქართველოში წყალდიდობების, წყალმოვარდნების, თავსხმა ნალექების, გვალვების, ღვარცოფების, მეწყერების გამეორებადობა საშუალოდ, 1,5-ჯერაა გაზრდილი. გაზრდილია აგრეთვე მათი ინტენსივობაც", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის თქმით, კლიმატის მკვეთრი ცვლილება იმდენად შესამჩნევია, რომ ცხელი სეზონიდან ცივ სეზონზე გადასასვლელად გარდამავალი პერიოდი უკვე აღარ შეიმჩნევა.
სტიქიურად საშიში ზონები საქართველოში
"ჩვეულებრივად, უკვე შეუიარაღებული თვალითაც ვხედავთ, რომ ცხელი ამინდიდან პირდაპირ ცივზე გადავდივართ.
ასეთი მკვეთრი ცვალებადობა წინა წლებში იშვიათად აღინიშნებოდა.
თუ სახელმწიფოებმა გარემოზე ზემოქმედება არ შეამცირეს, რაც ე.წ სათბურის გაზების ეფექტის შემცირებას გულისხმობს, კლიმატი უფრო შესამჩნევად შეიცვლება აქედან გამომდინარე უარყოფითი შედეგებით.
"კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა საბჭო" (IPCC) სწავლობს, რა მოხდება, თუ ტემპერატურა კიდევ 1,50 C -ით მოიმატებს. ცხადია, ამას შეიძლება, უარესი სურათი მოყვეს. ადამიანმა თუ გარემოზე ზემოქმედება არ გამოასწორა, შეიძლება, საერთოდ კატასტროფული ვითარების წინაშე აღმოვჩნდეთ", - აღნიშნავს რამაზ ჭითანავა.
რამაზ ჭითანავა ასევე განმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლაა საჭირო, რაც ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, შესაბამისად, რთული სათქმელია, რამდენად შეუშლის მსოფლიო ხელს პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების შეჩერებას, როცა მოქალაქეები, ბიზნესი და ხელისუფლება ამას უკვე საკუთარ თავზე გრძნობს.