2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობის შესაცვლელად მძღოლებს 1 თვე დარჩათ
მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე გაქვთ აღებული, მისი გამოყენება მხოლოდ 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.
ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.
მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ, ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. 15 ლარს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური ძრავის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით.
მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის , ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.