გრიპის ვირუსები გააქტიურდა - სპეციალისტის რეკომენდაციები მოსახლეობას
გაციებისა და ვირუსების სეზონი უკვე დაიწყო. გარშემო უკვე შენიშნავთ ადამიანებს, რომელთაც სურდო ან ხველა აწუხებთ, მიზეზად კი ამინდის უეცარ ცვლილებას ასახელებენ.
სურდოს, ხველას, ყელისტკივილსა და მსგავს ჩივილებს დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი სწორედ მოულოდნელად აციებას უკავშირებს.
"ადამიანმა ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს, ამინდის ადეკვატურად უნდა ჩაიცვას. როდესაც ასე არ ვიქცევით, ამან შესაძლოა, ჩვენი ბუნებრივი მიკროფლორის გააქტიურება გამოიწვიოს, რაც შემდგომში ისეთი ტიპის ჩვილებს იწვევს, როგორიცაა ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და ძალიან ხშირად სურდო. გარდა ამისა, როდესაც მოულოდნელად აცივდება, კარებსა და ფანჯრებს ვკეტავთ და ვცდილობთ, მცირე სივრცეებში გამოვიკეტოთ და თბილად ვიყოთ. სწორედ ასეთ სივრცეებში ვრცელდება ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი", – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია, ხველისა და ცემინების ეტიკეტი ყველამ დაიცვას, ხოლო გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი უსაფრთხოდ განადგურდეს, მრავალჯერადი კი კარგად გაირეცხოს.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, საქართველოში 200–ზე მეტი რესპირაციული ვირუსია გავრცელებული, მათ შორის ყველაზე საშიში გრიპია.
"გრიპს ახლავს ხველა და სახსრების ან კუნთების ზოგადი ტკივილი, ასევე თავის ტკივილი, რაც ინტოქსიკაციის შედეგია. ჩვეულებრივ, გრიპი უმთავრეს შემთხვევაში ყოველგვარი დამატებითი სამედიცინო ჩარევებისა და მკურნალობის გარეშე იკურნება, რადგან მხოლოდ რამდენიმე ზოგადი პრეპარატის მიღებაა საჭირო, რომლებიც ადამიანს გრიპთან ასოცირებულ შეგრძნებებს მოუხსნის. მაგალითად, სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები.
განკურნების პროცესი შესაძლოა ერთი კვირიდან იშვიათ შემთხვევებში ორ კვირამდე გაგრძელდეს. განკურნებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი პირვანდელ ჯანსაღ მდგომარეობას ძნელად უბრუნდება. გრიპის ვირუსი შესაძლოა, ისე მძიმედ წავიდეს, რომ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობაც დასჭირდეს. თუ ღონისძიებების მიღება დროულად არ მოხდა, სამწუხაროდ, გრიპის ვირუსი შეიძლება, ლეტალურადაც კი დამთავრდეს", – აღნიშნავს ის.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავი საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.
"ახლა სწორედ შესაბამისი პერიოდია ამ ვაქცინაციის გასაკეთებლად. მას შეუძლია, ყველაზე საშიში ვირუსის, გრიპისგან დაგვიცვას. თუ გრიპი მაინც შეგვხვდება, ამ შემთხვევაში ის რთულ ფორმებში აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა გრიპის ვირუსისგან გვიცავს და სეზონზე რაიმე რესპირაციული ინფექცია შეიძლება, მაინც შეგვხვდეს," – განმარტავს დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი.
ვაქცინაცია - რა რისკებს შეიცავს აცრა
მისივე თქმით, გრიპის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებში, ასევე ის განსაკუთრებით სასურველია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, –"არის სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებითკიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვენ ხოლმე. ეს არის მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები, ბავშვთა სახლების ბინადრები და სამედიცინო პერსონალი, რომელიც ამ შემთხვევაში ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება ხოლმე, იმიტომ რომ ეს ავადმყოფები მიმართავენ მათ. ისინი შეიძლება ამ დაავადებების მიმღებები გახდნენ და სამედიცინო პერსონალი თუ წყობიდან გამოვიდა, მერე დახმარების აღმომჩენიც აღარავინ გვეყოლება," – დასძენს სპეციალისტი.
გრიპის ვაქცინის გარდა, სხვა სეზონური ვაქცინა არ არსებობს, არის მხოლოდ სეზონური ვაქცინაციები, რომელთა ჩატარების ვალდებულებაც ბავშვების შემთხვევაში არსებობს, რათა ისინი ბაქტერიული ინფექციებისგან დავიცვათ.
სეზონური ინფექციების თავიდან ასაცილებლად, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხელების რაც შეიძლება ხშირად დაბანას გვირჩევს.
იცოდით, რომ მთელი ცხოვრება ხელებს არასწორად იბანდით?
მარიამ მენაბდიშვილი