
სეზონური გრიპის ვაქცინაცია იწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოსახლეობას ურჩია, ვაქცინაცია ოქტომბრის განმავლობაში ჩაიტარონ. ამირან გამყრელიძემ იმუნიზაცია დღეს თავად გაიკეთა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გრიპის პრევენციისთვის და იმუნიზაციის შემთხვევაში, 60%-დან 80%-მდე ალბათობით, ადამიანი დაცულია სეზონზე გრიპის განვითარებისგან.
"გრიპის საწინააღმდეგო აცრები გახლავთ ერთ-ერთი ეფექტური საშუალება გრიპის პროფილაქტიკის. ეს ძალიან ბევრი კვლევის და დიდი ხნის გამოცდილებით არის დამტკიცებული. საქართველო ყოველწლიურად ზრდის კონტინგენტს. 3-4 წლის წინ დავიწყეთ 5 000 ადამიანის აცრით და წელს 27 000 ადამიანს ავცრით. ესენი გახლავთ ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც აუცილებელია აიცრან გრიპის სეზონის წინ. სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველ რიგში სამედიცინო დარგის მუშაკების, ბავშვების, 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების, ქრონიკური დაავადებების მქონე მოქალაქეების და ორსულების აცრას.
ოქტომბერი იმუნიზაციისთვის გახლავთ ყველაზე კარგი პერიოდი, ვურჩევთ მოსახლეობას მაქსიმალურად ეცადონ, აიცრან ამ თვეში. არსებობს რეგულაცია, რომ ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ანუ ეს გახლავთ ვაქცინის მაღალი გარანტის მქონე. ის ვაქცინა, რაც შემოვიდა კერძო სექტორში ასევე არის მაღალი ხარისხის. ამიტომ მივმართავთ მოსახლეობას, გრიპის საწინააღმედო ვაქცინის გასაკეთებლად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო. ვაქცინა არ ღირს ძვირი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.