
თვე არ გავა, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისას მუშა არ დაშავდეს ან დაიღუპოს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება კომპანიების არაკეთილსინდისიერებასა და სახელმწიფოს ინერტულობას უკავშირებს.
ბრალდებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის სამინისტრომ ახალი რეგულაციებით უპასუხა. კერძოდ, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი უკვე დამტკიცდა, რომელმაც დამსაქმებლებს ახალი ვალდებულებები დააკისრა.შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, რეგულაციები ეხება უსაფრთხოების ნორმების არამხოლოდ მშენებლობაზე, არამედ ზოგადად, სიმაღლეებზე შესასრულებელი სამუშაოების დროს დაცვას.
"რეგლამენტის მიხედვით, ხარაჩოები უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით და არა კუსტარულად, მათი მოაჯირების სიმაღლე უნდა იყოს 90–120 სანტიმეტრი, ზედა ძელი უნდა უძლებდეს 5 სანტიმეტრის დისტანციიდან არანაკლებ 90 კილოგრამის მიწოლის დატვირთვას. შესაბამისი წონა განისაზღვრა ბაგირის დატვირთვასთან დაკავშირებითაც, უსაფრთხოების ბადე კი უნდა განთავსდეს მიმდინარე სამუშაოების ქვემოთ და დამონტაჟების შემდეგ აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს შემოწმებას. სავალდებულოა, ბადე, რომელიც კოლექტიური დაცვის საშუალებაა შემოწმდეს 6 თვეში ერთხელ და უნდა გაუძლოს 180 კილოგრამს. ასევე სიმაღლიდან ვარდნის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები არის უსაფრთხოების ღვედები, ქამრები, რომლითაც დასაქმებული აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი,"– განმარტავს ელზა ჯგერენაია.
დადგენილებაში ასევე განისაზღვრა კიბეების გამოყენების წესი, რომელსაც არ უნდა აკლდეს საფეხურები და გამძლე მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, ვარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი დასაქმებული აუცილებლად უზრუნველყოს ტრენინგებით.
"ასევე მოხდება შესწავლა, დამსაქმებელი სამუშაო ადგილზე რისკების იდენტიფიცირებას რამდენად ხშირად ახდენს, რომლებიც ადგილზე ინციდენტების მიზეზები ხდება. მიღებული რეგულაციების კომპანიების მიერ შესრულებას ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოები და მუნიციპალურ ორგანოებში შემავალი სტრუქტურები განახორციელებენ," – აღნიშნავს ელზა ჯგერენაია.
კანონის მიხედვით მოთხოვნილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, კომპანიებს, სავარაუდოდ, ჯარიმების გადახდა მოუწევთ, რისი განხილვად მეორე მოსმენით იგეგმება. ელზა ჯგერენაიას თქმით, უკვე წარმოდგენილია სანქცირების სქემა, რომლის მიხედვითაც განსხვავებული შემოსავლების მქონე ფიზიკური და იურიდიულ პირებისთვის შესაბამისი ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება.
"ფიზიკურ პირებს, რომელთა შემოსავალიც 100 000 ლარამდე და 100 000 ლარის ზემოთაა, განსხვავებული ჯარიმები განესაზღვრებათ. ასევე, იურიდიულ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 000 ლარამდე, 100 000 ლარზე მეტი, ნახევარი მილიონი ან ნახევარ მილიონზე მეტია, განსხვავებული ოდენობის საჯარიმო თანხები განსესაზღვრებათ. ჯარიმა კი იმის მიხედვით გამოიწერება, რა შეუსაბამობაც ობიექტზე დაფიქსირდება. პირველი ვიზიტისას ყოველთვის გაიცემა გაფრთხილება, განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, დაწესებულია მისი გამოსწორების გონივრული ვადა, რომლის ამოწuრვის შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმების ოდენობა მეორე მოსმენაზე განიხილება, მოხდება ამ სანქციების პრეზენტაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს და მესამე მოსმენისთვის კომიტეტებს წარუდგენს,"– აღნიშნავს ელზა ჯგერენაია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული, 477–ე დადგენილება მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს მიიღეს. საბოლოოდ იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.