რა სიახლეები ელოდება წელს დამსვენებელს ზამთრის კურორტებზე?
დღეს დილით ადრე გარეთ გამოსულმა თითქმის ყველა ადამიანმა ზამთრის სუსხი უკვე იგრძნო. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის დადგომას ერთი ოქროსფერი თვე გვაშორებს. სიცივისა და წელიწადის ნებისმიერ დროს გართობისა და სასიამოვნოდ დასვენების მოყვარულები კი, სავარუდოდ, უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ რომელი სათხილამურო კურორტი აირჩიონ წელს.
საქართველოს რომელ კურორტზეც არ უნდა შეაჩეროს დამსვენებელმა ყურადღება, სიახლე ყველგან დახვდება და არც თუ შეუმჩნეველი ცვლილებების თვითმხილველი გახდება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განგვიცხადეს, ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისეთ ბუნებრივ კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, როგორიც თოვლია. თუმცა, როგორც პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, დეკემბრის დასაწყისში ყველა კურორტი ეტაპობრივად გაიხსნება.
"რაც შეეხება სიახლეებს, 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა , რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6-კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის "დოპელმაიერის", ფირმის. ამ საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია.
მნიშვნელოვანია აღნიშნული საბაგირო იმ კუთხით, რომ იგი მთას და ცენტრს აკავშირებს ერთმანეთთან"- განმარტა მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამთა იაშაღაშვილმა.
მისივე თქმით, სვანეთში 5 მცირე ზომის საბაგიროც კეთდება - მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში და ეს საბაგიროები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.
"რაც შეეხება ბაკურიანს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კოხტა და მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა გაკეთდა და სეზონზე იფუნქციონირებს ეს სათხილამურო ტრასა. სიახლე არის ისიც, რომ კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა"- განმარტეს მთის კურორტების განვითარების კომოანიაში.
თუმცა, როგორც ცნობილია, ბაკურიანში სიახლეები ამით არ შემოიფარგლება- კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება გაიგოს ყველა ის სიახლე, რაც ბაკურიანს უკავშირდება.
"ბაკურიანის ცენტრში იქნება ყველა ინფორმაცია სამივე არიალის შესახებ - როდის არის ჩართული საბაგირო, როდის გამოირთვება, არის თუ არა სადმე ქარი ანუ ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რაც სათხილამურო კურორტს უკავშირდება", - განმარტა თამთა იაშაღაშვილმა.
გარდა ამისა, მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატა სამაშველო ჯიხურები და ახალი საპირფარეშოები.
მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან Allnews.ge-ს გუდაურში არსებული ახალი სასწავლო დაწესებულების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ და განათლების სამინისტრომ 2016 წელს დააფუძნეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომლის ოფიციალური გახსნა 2017 წლის ბოლოს გუდაურში გაიმართება. სკოლა უკვე ავტორიზებულია და სტუდენტებიც მიიღება საფეხმავლო და სამთო გამყოლის პროგრამებზე. მსურველები ტრეინიგებს გუდაურში გაივლიან და სერთიფიკატი გადაეცემა ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც ისწავლის ამ სკოლაში.
"სწავლა უფასოა და შერჩევა ხდება ფიზიკური მონაცემებითა და ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალით, რომელიც საჭიროა კონკრეტულ პროგრამაზე სწავლისას"- განმარტეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
თამთა იაშაღაშვილმა ყურადღების მიღმა არც გოდერძის სათხილამურო კურორიტი დატოვა და აღნიშნა, რომ აჭარის ზამთრის კურორტის დამსვენებლებს ორი ახალი მცირე ზომის საბაგირო დახვდებათ, რომლებიც საბავშვო არეალს მოიცავს.