როგორ იცვლებოდა თბილისის მოსახლეობა წლების განმავლობაში
დედაქალაქში ისევე როგორც მთელ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა წლებთან ერთად იცვლებოდა. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, თბილისში ყველაზე მეტი ადამიანი 1989 წელს ცხოვრობდა. აღნიშნულ წელს საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 შეადგენდა, აქედან 1 246 90 დედაქალაქში ცხოვრობდა.
თბილისის მოსახლეობა საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად ასე გამოიყურება:
დემოგრაფი ავთო სულაბერიძე Allnews.ge-სთან მოსახლეობის ცვლილების მიზეზებს საუბრობს.
"თბილისის მოსახლეობის ზრდა 2014 წელს შეინიშნებოდა, მაგრამ 1989 წელთან შედარებით მაინც შემცირებულია. ეს ძირითადად გარე და შიდა მიგრაციულმა პროცესებმა გამოიწვია. ყველაზე დიდი მიგრაცია 90-იან წლებში დაიწყო, ამ პერიოდში ქვეყანა ძალიან ბევრმა დატოვა. რაც შეეხება 2014 წელს თბილისში მოსახლეობის ზრდა სოფლიდან ქალაქში მიგრაციის მაღალმა ტემპებმა განაპირობა. სოფლები დაიცალა და თბილისში და სხვა ქალაქებში წავიდნენ საცხოვრებლად, რაც ძალიან ცუდია" - განაცხადა სულაბერიძემ.
თბილისის მიგრაცია
როგორც დემოგრაფი ავთო სულაბერიძე ამბობს, მთელი ისტორიის მანძილზე როგორც საქართველოს, ასევე თბილისის გარემიგრაცია უარყოფითი სალდოთი ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის.
"გარემიგრაციის უარყოფითი სალდო გვაქვს, უფრო მეტი გადის ვიდრე შემოდის, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია. 1958 – 1989 წლებში საქართველოში 200 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირი იყო რესპუბლიკის გარეთ მაინც გადიოდნენ", - ამბობს სულაბერიძე.
2002 – 2014 წლებში კი თბილისის მოსახლეობის 31,6 პროცენტი ქვეყნის გარეთ გავიდა.
თბილისის ბუნებრივის მატება
"ბოლო წლებში შობადობა გაიზარდა და გაუტოლდა 1979 წლის მაჩვენებელს. რაც გამოიწვეულია იმით, რომ რაიონებიდან ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდა ჩამოვიდა, შესაბმისად ახალგაზრდული ასაკი შექმნეს", - აღნიშნა სულაბერიძემ.
"მოკვდაობა კი ზრდის ტენდეციით ხასიათდებოდა, იმიტომ რომ მოსახლეობის დაბერება მაღალია. რაც შეეხება ბუნებრივ მატებას, ეს დამოკიდებულია მოკვდაობასა და შობადობის სხვაობაზე. მოკვდაობა იმიტომ გაიზარდა რომ თბილისში დაბერებული მოსახლეობის ზრდის ტემპი აღინიშნა. ამასთან დაემატა მიგრაციაც, ქვეყნიდან ძირითადად ახალგაზრდები გავიდნენ.
აღსანიშნავია რომ 2002 წელს საქართველო დეპოპულაციის წინაშე იდგა, რაც იმას ნიშნავს თბილისში შობადობა და მოკვდაობა ერთმანეთს გაუთანაბრდა“ – განაცხადა სულაბერიძემ.
სქესთა თანაფარდობა თბილისში
"ერთი ამბავია ატეხილი, რომ სქესთა ბალანსი დარღვეულია. გოგოებზე აბორტებს იკეთებენ და შესაბამისად უფრო ცოტა გოგო იბადება. საერთოდ ნორმალურია როცა 100 გოგოზე 104 ბიჭი მოდის. 1970 წელს 100 გოგოზე 110.8 ბიჭი მოდიოდა, შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი მცირდება და ნორმისკენ მიდის. 1979 წელს 100 გოგოზე 107.4, 1989 წელს კი თითქმის იგივე მაჩვენებელი 107.3 დარჩა, რაც შეეხება 2014 წელს, ამ პერიოდში 100 გოგოზე 104.9 ბიჭი მოდიოდა", - ამბობს დემოგრაფი Allnews.ge-სთან საუბრისას.