
ახალი წლის მოსვლა გარდა საჩუქრების, ნაძვის ხისა და საშობაო განათებებისა, ჩვენს ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ კერძებს უკავშირდება. მათი დიდი რაოდენობით, ამავდროულად ალკოჰოლთან ერთად მიღება კი წონაში მატებასთან ერთად, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.
საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა, გოჭი და სხვა ხორციანი კერძები საახალწლო სუფრის განუყრელი ნაწილია, რომელთა გამოც დღესასწაულის გასვლის შემდეგ სიმძიმეს ან უფრო რთულ სიმპტომებს ვუჩივით ხოლმე.
როგორ დავაღწიოთ თავი მათ და რას იწვევს დიდი რაოდენობით ნიგვზიანი პროდუქტების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა კერძის ერთად მიღება, ამის შესახებ Allnews.ge-ს ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული ესაუბრა.
მედიკოსის თქმით, ქართული სამზარეულოს კულინარიული ხიბლი სწორედ იმ კომბინაციებშია, რომელთა მიღებისას ზომიერების დაცვა გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კერძები კუჭ–ნაწლავის ტრაქტს ვნებს.
ჯანსაღი კვების 13 ოქროს წესი ქართველი ენდოკრინოლოგისგან
"წლების მანძილზე ასეთი საკვების გადამეტებული მიღებით ნელ–ნელა ყალიბდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი ან არაკენჭოვანი ანთება, სხვადასხვა ტიპის გასტრიტი ან წყლული, ღვიძლის გაცხიმოვნება და სხვა. ჯანმრთელობისთვის კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი კვება გულისხმობს არამხოლოდ ჯანსაღ პროდუქტებს, არამედ მათი სწორი კომბინაციით მიღებასაც. როგორც ყოვლდღიურ რაციონში, ასევე ერთი სადილის ფარგლებში მნიშვნელობა აქვს მათ კომბინაციას, რომ საზიანო არ გახდეს. სხვადასხვა კერძთან ერთად ალკოჰოლი კიდევ უფრო ართულებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და შედეგად ვიღებთ მეტეორიზმიდან, იგივე მუცლის შებერვიდან დაწყებული მრავალ სხვადასხვა დაავადებას", - განმარტავს ნინო ჯიქურაული.
ენდოკრინოლოგის განმარტებით, დიდი რაოდენობით ნიგვზიანი კერძების მიღება ინტოქსიკაციის მიზეზი ხდება ხოლმე, ამიტომ ზომიერების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ბოლო პერიოდში ჯანსაღი კვების პროპაგანდამ გარკვეული შედეგი გამოიღო. უმრავლესობა ცდილობს ასეთი პროდუქტის ჭარბად მიღებას თავი აარიდოს. თუმცა, ეს ალკოჰოლთან მიმართებაში ნაკლებად გამოსდით. ნიგვზიანი კერძების ჭარბად მიღების შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ ასეთი კერძების ჭარბმა მიღებამ შეიძლება, ნაღვლის ბუშტის დაავადებები გამოიწვიოს, ასევე ადამიანები, რომლებიც წინასაახალწლოდ წონის მოწესრიგების მიზნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდულად იკვებებოდნენ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი ნიგვზიანი კერძი მიირთვეს" - განმარტავს ექიმი.
ნინო ჯიქურაულის თქმით, თუკი კუჭ-ნაწლავის დაავადებათა გამწვავება სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება სისხლძარღვთა სისტემაზე უფრო სავალალო შედეგებს იძლევა.
"უმჯობესია ავირჩიოთ თეთრი მშრალი ღვინო, თუმცა სულ 2–3 ჭიქა, უფრო მეტის მიღება სარგებლობის ფარგლებს სცილდება. სპირტიანი სასმელების ჭარბ მიღებას კი საერთოდ უნდა მოვერიდოთ. ალკოჰოლის ჭარბი მიღების ადრეული და ხანგრძლივი შედეგები – პირველ რიგში ესაა სისხლძარღვოვანი რეაქცია, წნევის მატება, გულის გადატვირთვა, სხვადასხვა პარამეტრით ღვიძლის ფუნქციის მოშლა, რაც მხოლოდ ექიმის მიერ შეიძლება შეფასდეს. მისი შედეგებია ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, ქოლესტერინის ზრდა, ათეროსკლეროზის განვითარების ტენდენცია. გარდა წონის მატებისა, იზრდება შაქრიანი დიაბეტის რისკი და ყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რაც არა იშვიათად გამყარებულია გენეტიკური განწყობითაც. უკვე არსებული დაავადებების დროს ასეთი ცუდი ტრადიცია უბრალოდ აჩქარებს ცუდ შედეგებს. ხშირი და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას იწყება ვიტამინების და ამინომჟავების დეფიციტიც, რაც კვლავ გულსა და სისხლძარღვებზე მოქმედებს და სისხლძარღვის კედლის დაიზანებისათვის საშიშ ტენდენციას ქმნის", - დასძენს მედიკოსი.
მისი თქმით, გულ–სისხლძარღვთა დაავადების პირველი ნიშანი არტერიული წნევის მატებაა, რასაც ხშირად სათანადო ყურდღებას მამაკაცები არ აქცევენ, მაშინ, როცა იგი დასაწყისშივე მოითხოვს პრევენციას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წესების დაცვას, მათ შორის, ფიზიკურ დატვირთვას.
"სასურველი იქნებოდა, რომ სუფრასთან მისთვის სასარგებლო ან ნაკლებად მავნებელი საჭმელის არჩევა ყველას მისივე ჯანმრთელობიდან გამომდინარე შეეძლოს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პირადი ექიმის რჩევები ცხიმის, ტკბილის, მარილის და ალკოჰოლის მიღებისას.
ჯანმრთელ ადამიანსაც ზომიერება მოეთხოვება. ყველაფერს უნდა მიეცეს გასინჯვის ფორმა.ახალი წლის ტრადიციული გოზინაყისა და ჩურჩხელას მირთმევა უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, ხოლო სხვა ტკბილეულის მიღება უკვე არ არის სასურველი.
ახალი წლის შემდგომ დღეებში ე.წ განტვირთვა შეიძლება ითქვას, შვებაა თუმცა ეს რეკომენდაცია ყველასთვის დასაშვები არ არის, ისევე როგორც გადაჭარბებული და დაუსრულებელი კვება. განტვირთვა გულისხმობს დღის განმავლობაში მხოლოდ ხილის, მწვანე ბოსტნეულის და რძის პროდუქტის მიღებას, საშუალოდ 2 ლიტრ სითხესთან (ჩვეულებრივი და მინერალური წყალი)", - გვირჩევს ნინო ჯიქურაული.
როგორი უნდა იყოს ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამი - იხილეთ ენდოკრინოლოგის რჩევები
ენდოკრინოლოგის თქმით, საქართველოში ძალიან გავრცელებულია გულსისხლძარღვთა დაავადებები, დღეისათვის კი მათი გამოვლინების ასაკი, ექიმის თქმით, ძალიან შემცირდა და ემოციურ და ფსიქოფიზიკურ პრობლემებთან ერთად დაავადებების მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ექიმი გვირჩევს, "გადამეტებული გასტრონომიული დღესასწაულების ნაცვლად დამკვიდრდეს და მისაბაძი გახდეს ზომიერი, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის ფორმა".