
9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც შესაძლებელია, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი არამდგრადი ამინდი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 10 იანვრის დილამდე შენარჩუნდება. ტემპერატურა 6-11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
"რაც შეეხება 11 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს და ახლა უკვე აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება 20/25 მ/წმ-ში. აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან დაფიქსირდება მცირე ნალექი და ნისლი.
თბილისშიც შესაძლებელია მცირე ნალექი, უფრო თოვლჭყაპის სახით. დედაქალაქში 5 გრადუსია მოსალოდნელი" - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.
სინოპტიკოსის თქმით, 12 იანვარს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, თუმცა ზოგან ნალექი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს. 13-14 იანვარს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი.