
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში მაია ნიკოლეიშვილის გარდა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, საუბარია ბალისტიკურ ექსპერტზე, რომელთანაც კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
"მინდა, რომ დამოუკიდებელი ბალისტიკური ექსპერტიც ჩავრთო საქმეში. მასთან კონსულტაცია უკვე მიმდინარეობს, თუმცა მის ვინაობას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში პირველადი სურათის აღდგენაა საჭირო, თუმცა ეს ვერ ხერხდება, ვინაიდან "კედელი, რომელიც ნასროლი ტყვიის საბოლოო წერტილი იყო, ჩამონგრეულია".
"წაღებულია ორი ბალიში, ბევრი ნივთი, რომელიც სპეცოპერაციისას ოთახში იდო. ასევე კედელი არის ჩამონგრეული და როცა კითხვა დავსვი, რა დაემართა კედელს, მითხრეს, რომ ტყვიის ამოღების გამო ჩამოანგრიეს. ამაზე საერთაშორისო დონეზეც მაქვს კონსულტაციები და მინდა, რომ უცხოელებიც ჩავრთო", - განაცხადა ადვოკატმა, რომლის ინფორმაციითაც, მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული სპეცოპერაციისას "ერთი ტყვია ბალიშზეა მოხვედრილი, ერთი ტყვია კედელზე, ერთი კი საწოლის თავზე".
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული ზოგიერთი პირი შესაძლოა, თავიდან დაიკითხოს. მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, რომ რიგ შემთხვევაში, კონკრეტული პირების გამოკითხვისას დასმული შეკითხვები არ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ ხელახლა გამოკითხვას ითხოვს. კუბლაშვილის განმარტებით, მათ ხელახლა გამოკითხვაზე გამოძიება თანახმაა.