როგორი იქნება ოპტიმიზაციის პროცესი შსს-ში - კომენტარი გიორგი გახარიამ გააკეთა
შსს-ში დაგეგმილი ოპტიმიზაცია შეეხება ავტოპარკს, ადამიანურ რესურსს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სახელფასო ფონდსაც და ა.შ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აუდიტის სამსახურის მიერ შსს-სთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დეტალურად მზად პასუხისთვის, თუმცა ის, რაც ვიცი, აუდიტის დასკვნასთან მიმართებაში ინტერპრეტაციის ნაწილი იყო ძალიან დიდი და ამაზე მთავარმა აუდიტორმაც გააკეთა განცხადება. მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რაც შეეხება მომავალს, რომ სულ მალე, უახლოეს პერიოდში ავტოპარკთან მიმართებაში თქვენ ნახავთ იმ ცვლილებებს, რომელიც დაგეგმილია შსს-ში და ეს იქნება რეალურად ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
ისევე, როგორც ოპტიმიზაცია შეეხება ადამიანურ რესურსებსა და ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც. ამ ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი იქნება არასაპოლიციო სამოქალაქო ქვედანაყოფებიდან აქცენტების გადატანა საპოლიციო მიმართულებით. ეს შეეხება ტრანსპორტსაც, ადამიანურ რესურსსაც, სახელფასო ფონდსაც და ა.შ.", - განაცხადა გახარიამ.