სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს
საქართველოში სოფლების დაცლის საკითხი დიდი ხანია აქტუალურია. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ორგანომ "მთის კანონიც" კი მიიღო, რომელიც სოფლად დასახლებულთათვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს. თუმცა, სოფლებიდან მოქალაქეთა ურბანულ ცენტრებში გადაბარგების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ასეულობით სოფელი გაუკაცრიელდა ან რამდენიმე მოქალაქის იმედად დარჩა.
2014 წლის საყოველთაო აღწერის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ შიდა მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში შეინიშნება.
Allnews.ge გთავაზობ საქსტატის მონაცემებს, თუ რამდენ სოფელში ცხოვრობს 10 და ნაკლები ადამიანი და რამდენი სოფელი დაიცალა ხალხისგან.
მონაცემების მიხედვით, თბილისის შემოგარენში, ყველაზე მცირერიცხოვანი ვაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კვესეთია, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს.
სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია ხდება კახეთის რეგიონშიც. მაგალითად, სოფელი სეროდანი, პანტიანი და მარიამჯვარი რამდენიმე მაცხოვრებლის ამარაა დარჩენილი; სოფლები ფხოველი, ბოტკო და ხინჭები კი უკვე ბოლომდე დაიცალა, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში აღარავინ ცხოვრობს. სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა მცირდება საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ჯამში 13 სოფელში 10-მდე მაცხოვრებელი დარჩა.
მოსახლეობისგან იცლება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები, დაახლოებით 89 სოფელში, ცალ-ცალკე მცხოვრებთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება, დაახლოებით 39 სოფელი კი მთლიანად დაცლილია.
თიანეთის მუნიციპალიტეტში კი 10-მდე მაცხოვრებელი 13 სოფელს ჰყავს, საიდანაც სამში მოსახლეთა რაოდენობა ორს არ აღემატება. ამავე ტერიტორიულ ერთეულზე მაცხოვრებლებისგან დაცლილია 14 სოფელი.
რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, აქ 21 სოფელში აღარ ცხოვრობენ, 5 სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა ძალიან მცირეა, სამ მათგანში კი 2-ს არ აღემატება.
ერთ-ერთი რეკორდსმენი ამ კუთხით თუშეთია, კერძოდ, ომალოს თემში დაცლილი სოფლების რაოდენობა დაახლოებით 48-ა.
რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, აქ მოქალაქეებისგან 8 სოფელი იცლება, უკვე დაცლილი კი ათეულობით სოფელია, მათ შორის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი, წყალტუბოში 3.
სოფლებიდან მიგრირება აჭარის რეგიონშიც ხდება. მაგალითად, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. სოფლებში ტყემაკარავსა და ხინოში კი მოქალაექეთა რაოდენობა 2014 წლის მონაცემების მიხედვით, 2-ს არ აღემატება. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელი ფოთარო კი სრულიად დაიცალა.
რაც შეეხება სამეგრელოს, ცაგერის მუნიციპალიტეტში 10-ზე ნაკლები მოქალაქე ერთ სოფელში - კენაშია, ზუგდიდისა და მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც ანალოგიური ვითარებაა.
რაჭა-ლეჩხუმშის მაღალმთიანეთში ბოლო წლებია, სოფლებიდან მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია. კერძოდ, ონი რაიონის 14 სოფელში მოქალაქეების რაოდენობა 10-მდეა შემცირეული. აბროლაურის მუნიციპალიტეტში კი 9 სოფელი დაიცალა.
მიუხედვად იმისა, რომ სვანეთი ერთ-ერთი პოპულარული ზამთრის კურორტია, აქ მაღალმთიანი სოფლების მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი მაინც ბარში დასახლებას ამჯობინებს. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტის 34 სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლისთვის 10-ს არ აღემატებოდა. 4 სოფელი კი მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე დაიცალა.
სოფლების გაუკაცრიელების მხრივ შიდა ქართლიც ერთ-ერთი მოწინავეა. კერძოდ, გორში 9 სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება, ხოლო 21-ში აღარავინ ცხოვრობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელშიც მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება, სამ მათგანში კი მცხოვრებთა რაოდენობა 2-ს არ აღემატება, ამავე ტერიტორიული ერთეულის 12 სოფელში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.
რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, აქ 23 სოფელი გაუკაცრიელდა, ორი სოფელი კი რამდენიმე მოქალაქის ამარაა დარჩენილი. ქარელის 16 სოფელში კი რამდენიმე მოქალაქე ცხოვრობს.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კაკლიანსა და უკანგორაში სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი ამავე მდგომარეობაში 13 სოფელია, 12 სოფელში კი არავინ ცხოვრობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ასეთ ვითარებაში სულ 2 სოფელია, მაგალითად, სოფელ ჯანხოში მხოლოდ 2 მცხოვრებია.
და ბოლოს, სამცხე-ჯავახეთი..ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისგან 2 სოფელი იცლება, ხოლო ამავე ტერიტორიულ ერთეულზე დაბა ბაკურიანსა და წაღვერში 9 სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ამდენივე სოფელი კი მთლიანად დაცარიელებულია. ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია.
საქართველოს სოფლების და მათი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ: