რამდენად მავნეა დიზელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
1 ავტომობილი ყოველწლიურად 4 ტონამდე ჟანგბადს შთანთქავს, ამ მონაცემების თანახმად, დედაქალაქში არსებული მილიონამდე მანქანა სუთქვის შესაძლებლობას არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით გვართმევს. ბენზინზე, გაზსა და დიზელზე მომუშავე ავტოტრანსპორტის გარემოზე კატასტროფული გავლენის შესახებ უკვე დიდი ხანია აღარავინ დაობს. თუმცა Allnews.ge დაინტერესდა, გამონაბოლქვში არსებული მავნე ნივთირებების თვალსაზრისით, მკვეთრად განსხვავდება თუ არა ბენზინი დიზელისგან და აქვს თუ არა რომელიმე მათგანს თვალსაჩინოდ გამოკვეთილი უარყოფითი გავლენა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ამ კითხვით ჩვენ ეკოლოგს, ნინო გელაშვილს მივმართეთ. ინტერვიუს დროს საინტერესო ფაქტორი გამოიკვეთა, ეკოლოგს მავნებლობის თვალსაზრისით საწვავის რომელიმე სახეობიდან ერთ-ერთის გამოკვეთა გაუჭირდა.
"ასე ცალსახად მხოლოდ საწავავიდან გამომდინარე რთულია საუბარი. დაბინძურების 40% ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთი წლის განმავლობაში ერთი მანქანა საკმაოდ დიდი რაოდენობის, დაახლოებით 1000 კილოგრამამდე CO-ს, ნახშირბადის ოქსიდს, გამოყოფს ასევე გამოიყოფა აზოტის ოქსიდები და სხვა მავნე ნივთიერებები. ძირითადად დაბინძურება და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოყოფა დამოკიდებულია ავტომობილების გამართულობაზე - თუ დიზელზე მომუშავე ძრავი უფრო გამართულია და ავტომობილიც უფრო ახალია, ის გაცილებით უფრო ნაკლებად მავნეა, ვიდრეა ბენზინის საწვავიანი.
მამუკა ხაზარაძე დიზელის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
თვითონ გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ერთია საწვავი და მისი პირდაპირი გზით მოხვედრა გარემოში და მეორეა როდესაც ხდება მისი წვა და გარემოში გამოყოფა. ჩვენ ეკოლოგები, როგორც წესი, არ გავმიჯნავთ ხოლმე ამ ორ საკითხს, რადგან გარემოს ორივე აბინძურებს, როგორც საწვავის გარემოში უშუალო მოხვედრა, ასევე მისი წვის შედეგად მიღებული მავნე ნივთიერებების გამოყოფა"- აღნიშნა ნინო გელაშვილმა და განმარტა, რომ ეკოლოგიურ ვითარებას მხოლოდ საწვავის ხარისხი და სახეობა კი არა, ქალაქში გზებზე შექმნილი ვითარება და საცობები ამწვავებს. ამის მიხედავად, ნინო გელაშვილი საწვავის ამ ორი სახეობის წვის შდეგად გამოყოფილი ნივთიერებებისა და მათი მავნე გავლენის შედარებაში მაინც დაგვეხმარა.
"ბენზინის და დიზელის ძრავები რომ შევადაროთ, კვლევებით არის დადგენილი, რომ დიზელის ძრავებში წვა უფრო სრულყოფილად მიმდინარეობს. ამაზე მოწმობს ისიც, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვში წვის ერთ-ერთი პროდუქტის CO-ს გაცილებით ნაკლები შემცველობაა, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვში. ასევე, თითქმის ერთნაირია, თუმცა მაინც 1,5-ჯერ ნაკლებია აზოტის ოქსიდი. გოგირდის ოქსიდი SO2 დიზელის ძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში უფრო მეტი გამოიყოფა. ბენზინში გოგირდის შემცველობა 0,01%-ია, დიზელში კი იგივე მაჩვენებელი 0,4%-მდე აღწევს. აქედან გამომდინარე, ცალსახად ამ ორი საწვავის შედარება რთულია, რადგან მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული."
რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება?
ეკოლოგის თქმით, დიზელის საწვავის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ის უფრო მეტი რაოდენoბით ჭვარტლს გამოყოფს და ვიზუალურ დამაბინძურებელს წარმოადგენს. თუმცა ნავთობური ნახშირწყალბადები თითქმის 20-ჯერ ნაკლებია ბენზინის ძრავის გამონაბოქვის შემცველობაში არსებულისგან განსხვავებით.
"ჩემი აზრით, საწვავამდე სანამ მივალთ, არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, უნდა მოწესრიგდეს და განიტვირთოს ქალაქში მოძრაობა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანქანის დაძვრისა და დამუხრუჭებისას გაცილებით მეტი გამონაბოლქვი და შესაბამისად მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. მე პირადად, მიჭირს ცალსახად გამიჯვნა და იმის თქმა, რომ დიზელი არის ცუდი და ბენზინი -კარგი, ან პირიქით. ახალი თაობის დიზელის ძრავიანი ავტომობილები გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს გარემოს ვიდრე ბენზინის ძრავზე მომუშავე ძველი ავტომობილი"-განმარტა ეკოლოგმა ნინო გელაშვილმა.
ეკოლოგმა დიზელის ტოქსიკოლოგიურ მახასიათებლებზეც გაამახვილა ყურადღება და ის სიმპტომები ჩამოთვალა, რასაც ნაკლებად გამართული დიზელზე მომუშავე ავტოტრანსპორტით მგზავრობისას ან დიზელის წვის შედეგად დიდი რაოდენობით გამოყოფილი გამონაბოლქვის არეალში გვემუქრება.
"ტოქსიკოლოგიური კუთხით თავად კონკრეტულად დიზელის შემთხვევაში გამონაბოლქვიც და დიზელის ორთქლიც იწვევს თვალების, ყელის, სასუნთქი სისტემის, კანის გაღიზიანებას. არის ალერგიული. არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც ის გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, იწვევს თავის ტკივილს, მადის დაქვეითებს, შესაძლოა არტერიულმა წნევამ მოიმატოს, თვალების წვა და სუნთქვის გართულება იგრძნოთ და გადაადგილების დროს კოორდინაციასაც შესაძლოა შეუშალოს ხელი. თუმცა ცალსახა კვლევები, რომლებიც მიგვანიშნებდა რომ დიზელის წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები კიბოს იწვევს არ არსებობს" - აღნიშნა ნინო გემაშვილმა.
მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში კი დიზელსა და ბენზინს ერთმანეთს უკვე აღარ ადარებენ, რადგან ორივე მათგანზე მომუშავე ავტოტრანსპორტის სრულად ამოღებას გეგმავენ, თანაც არაუგვიანეს 2040 წლისა. ამ დროისთვის 8 ქვეყანამ, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ინდოეთი და ჩინეთი არიან კონკრეტული გეგმა უკვე დასახეს და თითოეულმა მათგანმა გეგმის შესრულების საბოლოო თარიღიც ჩაინიშნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ექსპერტები აღნიშნული ქვეყნების მცდელობებს არასაკმარისად მიიჩნევენ და გლობალური დათბობის ტემპებიდან გამომდინარე 2040 წელს დაგვიანებულ თარიღად მიიჩნევენ.