ბორჯომის ხეობას გაზაფხულზე ახალი საფრთხე ემუქრება - საკითხზე გეოლოგი გიორგი ლომინაძე საუბრობს
გასული წლის აგვისტო ისევ მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა საქართველოსთვის - ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ასობით ჰექტარზე ბუნებრივად გაშენებული ასწლოვანი ხეები, ცხოველები და ფრინველები შეეწირა, ყველაფრის აღდგენას კი 50-100 წელი მაინც დასჭირდება. ახლა, როდესაც აგვისტოს ხანძრებიდან 6 თვე გავიდა, ალბათ, ბევრს ეჩვენება, რომ მთავარი საფრთხე უკან დარჩა, თუმცა პირიქით - ამ ტერიტორიაზე ფერდობები მეტისმეტად დამრეცია და იქ ახლა წვიმას აღარაფერი აკავებს. შედეგად, ნიადაგის ზედა ფენა, ე. წ. ჰუმუსი, მუდმივად ირეცხება, წყლის მასაც დაღმართისაკენ მიექანება, მთის ძირას კი სოფელია - დაბა, რომელსაც ნაღვარები ჩამოუდის, მისი წყალშემკრები აუზის 100% კი განადგურებულია.
2010 წელს ნაღვარებმა 12-15 000 მ3 მოცულობის ქვა-ტალახიანი ღვარცოფი წარმოქმნა. რომ არა მდინარის კალაპოტის კლდოვანი შვერილი, წყლის, ტალახის, ხეებისა და ქვა-ღორღის მასა მთელი ძალით დაატყდებოდა თავს სოფელს. ახლა საშიშროება გაორმაგებულია, რადგან წინ გაზაფხულია, უხვი ნალექით და ბორჯომის ნახანძრალ ტყეს, ალბათ, მასთან შერკინება გაუჭირდება.
კონკრეტულად რა საფრთხისთვის უნდა იყვნენ მზად ბორჯომის ხეობის მცხოვრებნი? "კვირის პალიტრას" ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ლომინაძე ესაუბრა:
- ცეცხლის კლასიფიკაციის გათვალისწინებით, ბორჯომის ტყეში ყველა ტიპის ხანძარი დაფიქსირდა, როგორც მიწის ზემოთ, ისე - ნიადაგის შიგნითაც. შედეგად ნიადაგის ზედა ფენა, ფაქტობრივად, ნაცრად იქცა, სრულად განადგურდა ასობით ჰექტარი და ასწლოვანი ხეები, რომლებიც არა მხოლოდ ჯანსაღი გარემოს, სიცოცხლის გადასარჩენადაც აუცილებელი პირობაა.
დღეს ბორჯომის ტყის უზარმაზარი ტერიტორია აბსოლუტურად მოტიტვლებულია, იქ მხოლოდ დამწვარი მორებია დარჩენილი, რომლებიც უხვი ნალექის შემთხვევაში აუცილებლად დაგორდება და შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას - სოფელი დაბა ხომ სწორედ ტყის პირასაა გაშენებული.
რაც შეეხება სხვა საფრთხეს, ბორჯომის ხეობა ძლიერი წვიმით ხასიათდება, უხვი ნალექი განსაკუთრებით მაისშია მოსალოდნელი.ტერიტორიას, რომელიც აგვისტოს ხანძარმა გაანადგურა, მდინარე ორ ნაწილად ყოფს, რაც ღვარცოფისა და მეწყრის საშიშროებას აორმაგებს. მახსენდება 2010 წლის მოვლენები, როდესაც მდინარემ 2008 წლის ხანძრის შედეგად დაზიანებული ტერიტორიიდან ნაშალი მასა ჩამოიტანა, მდინარე ადიდდა, თუმცა მაშინ სოფელი დაბა ტრაგედიას მდინარის კალაპოტის კლდოვანმა ნაწილმა გადაარჩინა.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აგვისტოს ხანძრის შემდეგ აქტიურად დაიწყო ტყის ფენის აღდგენის პროცესი, თუმცა საკმარისია მხოლოდ ახალ ნარგავებზე ზრუნვა? მოსალოდნელი მეწყრის საფრთხის თავიდან ასაცილებლად რა პრევენციული ღონისძიებებია აუცილებელი?
- უპირველესად, აუცილებელია მდინარის გაწმენდა, მაგრამ ეს სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. არადა, მდინარე ნალექის დროს აუცილებლად წამოიღებს გამოფიტულ მასას და სად და როგორ დაგროვდება ის, არავინ იცის.
მარტის დასაწყისიდანვე აუცილებელია მონიტორინგი - რა ინტენსივობით მოდის ნალექი ხეობაში; სწორედ ამის ზუსტი ანალიზის შემდეგ უნდა დაიგეგმოს სხვა პრევენციული ღონისძიებები.
არავინ იფიქროს, რომ რადგან ხანძარი ჩამქრალია, ყველა უბედურება უკან მოვიტოვეთ - სოფელს საფრთხე ხანძრის შემდეგაც ემუქრება და ვფიქრობ, ამას შესაბამის უწყებებში კარგად უნდა აცნობიერებდნენ. შესასწავლია ფერდობების მდგომარეობაც და ხანძრის შედეგად გრუნტის მახასიათებლების განსაზღვრაც.
გიორგი ლომინაძის მძიმე პროგნოზის შემდეგ, იმის გასარკვევად, თუ როგორ აანალიზებს მოსალოდნელ საფრთხეს სახელმწიფო და რა პრევენციულ ზომებს იღებენ სპეციალისტები, საქართველოს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ნათია იორდანაშვილს დავუკავშირდით:
- ბორჯომის ტყის ხანძარს 943 ჰექტარი შეეწირა, თუმცა დიდი ნაწილი 2008 წელს ნახანძრალი ტერიტორია იყო, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. ხანძრის შემდეგ პერიმეტრზე ვითარება შევისწავლეთ, თუმცა ექსპერტების ზუსტ პასუხს, მცენარეების რა ნაწილი გადარჩა ან რა მდგომარეობაა ნიადაგში, უახლოეს მომავალში ველოდებით. ათასამდე სინჯია გაგზავნილი ლაბორატორიაში და პასუხის მიღების შემდეგ კონკრეტულ სამოქმედო გეგმასაც დავსახავთ. დიახ, ნახანძრალ ტერიტორიაზე მეტისმეტად დაქანებული ფერდობებია, რომელთა ჩამონაშალი ნაღვარების კალაპოტს ხშირად ავსებს. უკვე განვსაზღვრეთ ე.წ. კრიტიკული ადგილებიც, სადაც შეიძლება დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა დაგროვდეს, ამიტომ მდინარის გაწმენდის დაწყებაზეც ვმსჯელობთ.
- სანამ მსჯელობთ, ამასობაში გაზაფხული ხომ არ მოგვადგება კარს და მოსახლეობას საფრთხე ხომ არ დაემუქრება?
- უპირველესად უნდა დავაკვირდეთ, ნალექი თუ თოვლის საფარი ფერდობებს ჩამორეცხავს თუ არა და როგორ ზიანს მოიტანს ეს. სამწუხაროდ, სწორედ იმის გამო ვერ ვიწყებთ ახალი ნარგავების დარგვას - ჯერ არ ვიცით, გაზაფხულზე როგორ პრობლემებს შეგვიქმნის უხვი ნალექი. კომისიამ, რომელიც მინისტრის ბრძანებით ხანძრის ჩაქრობისთანავე შეიქმნა, გადაწყვიტა, რომ ახალი ნერგებით დამწვარი ხეების შეცვლა შემოდგომიდან დაგვეწყო. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ღვარცოფისა თუ მეწყრული მოვარდნების საშიშროება 2008 წლის ხანძრის შემდეგაც იყო, აგვისტოს ხანძარმა კი ეს საშიშროება გააორმაგა. გაწმენდის შემდეგ მდინარე შეძლებს უხვი წყლისა და ნაშალის ნაკადის გატარებას. ვიმეორებ, ახლა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. საბედნიეროდ, ხანძრის დროსაც მოვახერხეთ, სოფელ დაბის მცხოვრებნი არ დაზარალებულიყვნენ და მათი უსაფრთხოებისთვის გაზაფხულზეც აქტიურად ვიმუშავებთ.
- გარდა დაბისა, მდინარე სხვა დასახლებულ პუნქტებსაც ხომ არ შეუქმნის საფრთხეს? ან გარდა მდინარის გაწმენდისა, ფერდობების ნაშალისგან დამცავი სხვა საშუალებები არ არსებობს?
- ყველაზე კრიტიკული მონაკვეთი სოფელ დაბასთანაა, სადაც მდინარე ხეობას ორ ნაწილად ყოფს და ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან. ფერდობების დამცავი საშუალებები მცენარეებია, ამიტომაც მდინარის გაწმენდასთან ერთად, ტყის სწრაფად აღდგენაც უნდა დავიწყოთ. ასეთივე რჩევა მივიღეთ ამერიკელი ექსპერტებისგანაც, რომლებიც ჩვენთან ერთად სწავლობდნენ დაზიანებულ ტერიტორიას. ეროზიის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური გზა ნერგების გაშენებაა.
რუსუდან შელია