
მისამართი - ქალაქი რუსთავი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ე.წ კუკუშკას მიმდებარე ტერიტორია. ბორცვებით შემოსაზღვრულ დაბლობზე 58 წლის ალექსანდრე პისარენკო, მისი მეუღლე და შვილი ცელოფნებისა და ტომრებისგან გაკეთებულ ქოხში ზამთრის სიცივეს უკვე მეექვსე თვეა ემალებიან.
დაუკაკუნებლად შესვლას ჩვეული არ ვარ, თუმცა ბედის ირონიაც ეს არის დასაკაკუნებლად ამ ოჯახს კარიც არ აქვს. სახლის სამივე ბინადარი ქოხის წინ სიძველისგან გადახრილ სკამებზე სათლის სიახლოვეს ზის, რომელშიც ცეცხლი ანთია.
ამ მოკრძალებული ოჯახის დიასახლისს ცეცხლზე პატარა ქვაბი შემოუდგამს და წვნიანს ამზადებს. მრავალფეროვანი და მსუყე ვახშამი დღესაც არ ექნებათ, თუმცა ამაზე აღარც ფიქრობენ, რადგან მთავარია, თავის გადატანა შეძლონ. როგორც მივხვდი, წუწუნს ჩვეულები არ არიან, კითხვაზეც, როგორ გაატარეს სუსხიანი ზამთარი ქუჩაში, ოჯახის უფროსი ოპტიმისტურად და სხარტად მპასუხობს კარგადო,- "მართალია, ახალი წელი არ აღგვინიშნავს, მაგრამ მშრალი ამინდების წყალობით ზამთარი ნორმალურად გავატარეთ" -მიხსნის ალექსანდრე პისარენკო. ახალ წელს "მეზობლებმა" ხელი გაუმართეს და ახლოს მდებარე რესტორნიდან მცირეოდენი საკვები გამოაწოდეს.
გასათბობად ხმელ შეშას იქვე ტყეში აგროვებენ, ღამის წყვდიადს სანთლის შუქით ებრძვიან, სარეცხისთვის წყალი მტკვრიდან მოაქვთ- მეუბნებიან კარგი წყალიაო, დასალევად კი ბოთლებს ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებში ავსებენ და რამდენიმე დღით იმარაგებენ.
პისარენკოების ოჯახი ამ მისამართზე მას შემდეგ გადმობარგდა, რაც პუშკინის 15 ნომერში 80 ლარად ნაქირავები ნესტიანი სარდაფიდან ქირის გადაუხდელობის გამო ცემითა და შეურაცხყოფით გამოაძევეს.
"რომ მოვიდნენ ვიწექი, ცუდად ვიყავი, ყვიროდნენ, ვუხსნიდი არ მაქვს შესაძლებლობა-მეთქი, მაგრამ არ აინტერესებდათ, მერე ერთმა მამაკაცმა, რომელიც დიასახლისმა მოიყვანა რკინა ჩამარტყა. სახლიდან ნახევრად შიშვლები წამოვედით, ნივთების უმეტესობა დღესაც იქ გვაქვს"- ამბობს ალექსანდრე.
ოჯახს უკიდურესად მას შემდეგ გაუჭირდა, რაც ალექსანდრე პისარენკო სამსახურიდან დაითხოვეს. ლილოში მზიდავად მუშაობდა, ზოგჯერ 5-ს, იშვიათ შემთხვევებში კი 10 ლარს უხდიდნენ. სამსახურიდან გამოგდების მიზეზი მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აღმოჩნდა. ალექსანდრეს თიაქარი აქვს, ბუასილი აწუხებს და ყველაფერს ისიც ემატება, რომ, როგორც თვითონ ამბობს, დიაბეტი აქვს, თუმცა ექიმთან არასდროს ყოფილა, რადგან შესაძლებლობა არ აქვს. ფიქრობს, რომ მის მდგომარეობას ოპერაცია შეამსუბუქებს, თუმცა უსახსრობის გამო ეჭვი ეპარება, რომ შესაბამისი მკურნალობის გავლას შეძლებს.
კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ქალაქის მერიასა და სოციალურ სამსახურს დახმარების თხოვნით, ხელს ისე იქნევს მიხვდები, რომ სხვა საკითხებისგან განსხვავებით, ამას ოპტიმისტურად სულაც არ უყურებს,- "ხალხს სოციალურ დახმარებას უხსნიან და ჩვენ ვინ დაგვეხმარება" -გვეუბნება ალექსანდრე.
ამაში მას მეუღლეც ეთანხება. სახელი არ უთქვამს, თუმცა მისგან იმის გაგება მაინც შევძელით, რომ მეუღლის ავადმყოფობისა და უმუშევრობის გამო, ფაქტობრივად, ოჯახის რჩენა მარტოს უწევს. ფულს სხვა ადამიანების სახლის დალაგებით შოულობს. თუ გაუმართლა 10 ლარს გადაუხდიან, თუმცა შესაბამისი კლიენტი ყოველთვის არ ჰყავს და არც გასამრჯელოს უხდიან ყოველთვის დროით. "ქმრისთვის წამლების ყიდვის ფული არ მაქვს"- გაბრაზებული ხმით გვეუბნება ოჯახის დიასახლისი. ვატყობ, რომ ბევრი ლაპარაკი არ სურს, რადგან ფიქრობს, რომ ლაპარაკით საქმეს მაინც არ ეშველება. სწორედ ამიტომ, მედიას კრიტიკის თვალით უყურებს, ხელისუფლების იმედი კი დიდი ხანია დაკარგული აქვს.
როდესაც საუბარი ხელისუფლების უმოქმედობაზე ჩამვარდა, დიალოგში მწყემსად მომუშავე ახალგაზრდა მამაკაციც ჩაერთო, რომელმაც ჩვენი დანახვისას ძროხა ცოტა ხნით მიატოვა და ჩვენს საუბარს ყურს ყურადღებით უგდებდა.
"მერიაში დახმარების თხოვნით განცხადება ორი წლის წინ დავწერე, თუმცა ჯერ კიდევ არავინ გამომხმაურებია" - მეუბნება ერიკ ედიევი.
ისიც უსახლკაროა, თავს ორსულ ცოლთან ერთად ფერმას აფარებს, საჭმლის ფულს მწყემსობით შოულობს. კვირაში 7 დღეს მუშაობს, თუმცა მხოლოდ 170 ლარს უხდიან. ამის მიუხედავად, თავისი დამსაქმებლის მაინც მადლიერია,- "ეს სამსახური რომ არა, მშივრები ვიქნებოდით, ის კი რითიც შეუძლია გვეხმარება ხოლმე, ზოგჯერ საჭმელიც მოაქვს"- ამბობს ერიკი.
"ჩემს გარშემო ასე უსახლკაროს 10 ოჯახს მაინც ვიცნობ, ვინმემ უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ ადამიანებს"- გულისწყვეტით ამბობს ერიკი და თან ამატებს, რომ მთელი ღამე იმაზე ფიქრით ვერ იძინებს, რომ სულ მალე შვილი შეეძინება, მას კი საკმარისი სახსრები არ აქვს, რომ მისი ოჯახის ახალი წევრი უზრუნველყოს.
პისარენკოების ქოხი ამ ტყეში ერთადერთი სულაც არ არის. მათი "სახლიდან", დაახლოებით, 10 წუთის სავალზე, ლიანდაგის პირას, ხეებში, კიდევ ერთი, თუმცა მიტოვებული ქოხი ვიპოვეთ, ერთი კომოდითა და ხეზე მიმაგრებულ ფიცრებზე ჩამოკიდებული რამდენიმე ხის კარებით. მწყემსებმა მითხრეს, რომ ამ ქოხის ბინადრები ტყეში პირველად 2 წლის წინ გამოჩნდნენ, თუმცა როდის და სად წავიდნენ არავინ იცის.
ტყეში მცხოვრები პისარენკოების ოჯახის ამბავი რუსთავის მერიაში კარგად იციან. პრესსამსახურის განმარტებით, ალექსანდრე პისარენკოს ქოხში სოციალური სამსახურიც მივიდა და დახმარება შესთავაზა, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, პისარენკოებმა დახმარებაზე უარი თქვეს.
"ეს ადამიანები არიან კასპში რეგისტრირებულები. მიუხედავად იმისა, რომ თუ რუსთავის რეგისტრაცია არ აქვს მოქალაქეს, რუსთავის მუნიციპალიტეტი დაფინანსებაში ძალიან შეზღუდულია, სოციალური სამსახური მათთან მაინც მივიდა, რომ იქნებ რამე ფორმა გამოენახათ და დახმარება აღმოეჩინათ. მაგრამ არანაირი დახმარება ჩვენგან არ მიიღეს. სოციალურმა სამსახურმა დახმარება საბუთების მოწესრიგებასა და რეგისტრაციის მიღებაში შესთავაზა, რომ შემდგომში, არსებული 25 სოციალური პროგრამიდან, ერთ-ერთით მაინც ესარგებლათ. ამ პროგრამებით ისარგებლებდნენ თუ ექნებოდათ რუსთავის რეგისტრაცია"-განგვიმარტეს რუსთავის მერიაში და აღნიშნეს, რომ ეს ადამიანები მათ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.
Allnews.ge ერიკ ედიევის მიერ ორი წლის წინ დაწერილი განცხადების ბედითაც დაინტერესდა, თუმცა პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პირის მიერ დაწერილი განცხადება ბაზაში, რომელშიც უკანასკნელი 5 წლის მონაცემებია შენახული, არ მაოიძებნა.
სანამ რუსთავის მერიაში დახმარების ფორმასა და გზებს ეძებენ, პისარენკოების ოჯახი ტყეში ტომრებისგან გაკეთებულ ქოხში რჩება, ერიკ ედიევი და მისი ორსული ცოლი კი ცხოვრებას ფერმაზე აგრძელებენ.