2017 წელს არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა - შსს-ის სტატისტიკა
2017 წელს არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1812 მუხლის III-IV ნაწილებით ("ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა") 2 გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ხდება თუ არა არასწრულწლოვნებზე ცივი იარაღის რეალიზაცია და რატომ არ უჩვენებს ამას შსს-ს სტატისტიკური მონაცემები?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსის, გოგა ხატიაშვილის განმარტებით, შსს-ს მონაცემების მიხედვით, არასწრულწლოვნებისთვის ცივი იარაღის მიყიდვისთვის ადმინისტრაციული სახდელი არ გამოყენებულა, - "თუმცა, ის, რომ ბუნებაში ასეთი შემთხვევები არ ხდება, ამას სამინისტრო ვერ იტყვის. უბრალოდ, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა, მსგავსი შემთხვევები რომ დაეფიქსირებინათ, შესაბამისი სახდელიც უნდა გამოეყენებინათ", - აღნიშნავს ხატიაშვილი.
"ეს სტატისტიკა გულისხმობს იმას, რომ რეაგირება არ ხდება, ამ ტიპის დანაშაულების და სამართალდარღვევების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევის გამოვლენა გარკვეულ სპეციფიკას უკავშირდება, მაშინ შესაბამისი ღონისძიებები უნდა დაგეგმოს, ერთიანი პოლიტიკა შეიმუშაოს და მსგავსი შემთხვევების გამოვლენა უფრო გაიმარტივოს. არამარტო ჩემს პრაქტიკაში, არამედ ზოგადად, ძალიან ბევრი შემთხვევა გასაჯაროვდა, როდესაც არასწრულწლოვნებს ცივი იარაღი მიჰყიდეს, რაც შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით უნდა დაისაჯოს", - განმარტავს ის.
საიას წარმომადგენელმა Allnews.ge-სთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ არასწრულწლოვნებზე ცივი იარაღის რეალიზაციის შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ არსებული კანონი ქმედითი არ არის.
"ხშირად მსმენია, რომ სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა ხშირად ამ ნორმების შესახებ არ იციან და ხვდებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ არანაირი სახით პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, რაც მათ კიდევ უფრო ათამამებთ და ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფლები ხდებიან. რეალურად კი, ეს ისეთი რეგულაციაა, რომ მოვაჭრეების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ამიტომაც სახელმწიფოს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება: ერთი მხრივ ვალდებულება აქვს, რომ ასეთ შემთხვევებზე რეაგირება მოახდინოს და რეგირების განხორციელებით მოქალაქეებს ასწავლოს, ასევე ქმედებებში საგანმანათლებლო ელემენტიც შეიტანოს, რომ ასეთი ტიპის სამართალდარღვევის ჩადენა შესაბამისი ფულადი ჯარიმით ისჯება. როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ სახელმწიფო ასეთი შემთხვევების მიმართ უმოქმედოა, ისინი თვითკონტროლსა და თვითშეზღუდვას არ დაიწესებენ, ამისი იმედი არ უნდა გვქონდეს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღსრულება. ამ კანონის აღუსრულებლობა და სათანადო გამოუყენებლობა შესაძლებელია, სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი იყოს," - დასძენს ის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რკინიგზის სადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა ამ ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ცივი იარაღი კვლავ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ ადგილებში გამოიყენა, ეს ისევ ადმინიტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარამდე გაიზრდება ან პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 15 დღე-ღამემდე ვადით იქნება.
რაც შეეხება ცივი იარაღის შეძენა-ტარების სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებას, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინ დგება, როდესაც ცივი იარაღით მისი მესამედ დაფიქსირება ხდება.