არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოხატა.
გარდაცვლილის ბიძამ, ზურაბ ტატუნაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და ოჯახს შორის ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს შედგა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გარდაცვლილის ბიძა აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა საზოგადოების ნაწილმა და თავად დაღუპულის ოჯახმა მოითხოვა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.
მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.
26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
20 მარტს, ღამით კი, "წითელი ჯვრის" მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)