აფხაზეთში 1 კილოგრამი ფაროსანას სანაცვლოდ მოსახლეობას 18 დოლარს სთავაზობენ
რუსული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას 1 კილოგრამ ფაროსანაში დაახლოებით 18 დოლარს გადაუხდის. ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების კორდინაციის თათბირზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამბულატ ხატუოვამა განაცხადა.
ხატუოვის თქმით, ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებელთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა.
"სანამ მწერი მიძინებულია, აფხაზეთის მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია მიწის საკუთარ ნაკვეთებზე მავნებლის გამოზამთრების კერების პოვნა და მათი განადგურება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი მწერი სეზონზე შთამომავლობის სახით 6 მილიონ მავნებელს ტოვებს, არის გარანტია, იმის, რომ მწერის ხელით შეგროვება მათი რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს"- განაცხადა ჯამბულატ ხატუოვმა.
28 მარტის მონაცემებით, ოჩამჩირის რაიონში დაახლოებით 300 კილოგრამი ფაროსანა მოაგროვა მოსახლეობამ. ამის შესახებ Sputnik-ს სეპარატისტული რეჟიმის ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ განუცხადა. ჯოპუას თქმით, ფაროსანას შეგროვებით ადგილობრივი მოსახლეობაა დაკავებული და ამისთვის განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მოსახლეობის ნაწილმა მწერის გამოზმთრების კერას მიაგნო და მავნებელს ფოცხებით აგროვებენ, ნაწილი კი მათთვის ხაფანგებს აგებს.
ოჩამჩირის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის განმარტებით, რაიონის თითქმის ყველა მოსახლემ, რომელიც ფაროსანას შეგროვებითაა დაკავებული განაცხადა, რომ მწერს ფულის სანაცვლოდ არ ჩააბარებს.
"ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა რომელი, მავნებელს საკუთარ სახლში აგროვებს ამბობს რომ საკუთარ თავს ფულის აღებას ვერ აკადრებენ, ისინი პირდაპირ ანადგურებენ მავნებელს", - აღნიშნა ჯოპუამ.
2018 წლის 25 მარტს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების კორდინაციის თათბირზე ოკუპირებულ აფხაზეთში მავნებელის შემოსევასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ფაროსანასთან დაკავშირებით გაზეთ РГ-ს "როსსელხოზნადზორის" ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ განუცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი.
"ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია, და უცნობია, რით არის ის დაკავებული", - აღნიშნავს იულია მელანო.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი "კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო" მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს.