ურეკი და ქობულეთი, შესაძლოა, ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს
ურეკი და ქობულეთი შესაძლოა ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს. აღნიშნული შესახებ ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი. გეგმის თანახმად, მოსაზღვრე ქ. ქობულეთის დ. აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა. ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის განვითარების პარალელურად, აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია, გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია, შექმნას წინაპირობა მასზე ტრამვაის განვითარებისა.
ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის კი სავარაუდოდ განვითარდება საბაგრო გზა.
ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ტერიტორიაზე. ეს არის საკურორტო ზონა, რომელიც ჯამში 1538 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აღნიშნული ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფას და გარკევეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. მაგალითად სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრის მანძილზე მოიცავს პლაჟებს მიმდებარე ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით, აიკრძალება სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან; საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა, სამთო და მიწის სამუშაოები; ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად შესაძლებელია მნიშვნელოვანი გახდეს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე შსაბამისი გადასახადის დაწესება, რაც ხელს შეუწყობს გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების განვითარებასა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ- სარეკრეციო კომპლექსის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ბიუჯეტის შევსებას.
ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ასახულია საავტომობილო გზების, ქუჩებისა და ხიდების სამომავლო განვითარების გეგმა, რაც მოიცავს დაალოებით 15,57 კილომეტრ ახალ საავტომობილო გზას, 20,4 კილომეტრ ახალ ქუჩას და 3 საავტომობილო ხიდს. გეგმა ასევე გულისხმობს ჩქაროსნული გზატკეცილის (ავტობანის) სავარაუდო განვითარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორია ძირითადად სწორ რელიეფს წარმოადგენს, რაც ქმნის კარგ საფუძველს საველოსიპედე ბილიკებისა და ორგანიზებული მოძრაობის განვითარებისათვის. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახულია განსავითარებელი საველოსიპედე ბილიკები, რომლებიც მთლიანდ მოიცავს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიას, აკავშირებს რა ერთმანეთთან ზღვის სანაპიროსთან საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან, საკურორტო- სარეკრეაციო, სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებს და ურეკის რკინიგზის სადგურს იძლევა ველოსიპედებით ორგანიზებული მომსახურების საშუალებას.
ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე სავარაუდოდ განვითარდება წყლის ტრანსპორტიც.
ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი წარმოადგენს საკურორტო ტერიტორიას და ადგილს, სადაც არის უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური სილა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საკურორტო განაშენიანება დიდწილად მოუწერიგებლადაა განვითარებული. მოწესრიგებულ განვითარებას საჭიროებს საავტომობილო გზები, ქუჩები და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.