თბილისის უბნები, სადაც ბინების ქირაობა 170 ლარადაა შესაძლებელი
დედაქალაქში უძრავი ქონების გაქირავება წლებია შემოსავლიან ბიზნესად იქცა. მოქალაქეების ნაწილი უძრავ ქონებას სპეციალურად, გაქირავების მიზნითაც ყიდულობს ხოლმე, რამდენიმე ბინისგან მიღებული თანხა კი ხშირად საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალია.
Allnews.ge დაინტერესდა, რა ფასად შეგვიძლია თბილისის სხვადასხვა უბანში სახლის დაქირავება და რა შეიძლება იყოს ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ გადახდილი მინიმალური და მაქსიმალური საფასური?
შესაბამის მონაცემებს უძრავი ქონების ვებგვერდ Saqme.ge-ზე დაყრდნობით გთავაზობთ. როგორც Saqme.ge-ს რედქტორი განმარტავს, თბილისში ბინების გაქირავების ფასები ბოლო პერიოდში სტაბილურია და არც შემცირების და არც მატების ტენდენცია არ შეინიშნება. რაც შეეხება ფასებს უბნების მიხედვით, ტენდენცია ასეთია:
მაგალითად, ბაგებში ერთოთახიან ბინას 250 ლარიდან იქირავებთ. ფასი ამ უბანში რემონტის და საცხოვრებელი პირობებისა და ოთახების რაოდენობების მიხედვით იზრდება და 3 110 ლარს აღწევს.
ვაკეში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბანია, ბინები ყველაზე ძვირად ფასობს, თუმცა Saqme.ge-ს მიხედვით 250 ლარად 1 ოთახის დაქირავება შეგიძლიათ, ოღონდ ბინის მეპატრონეებთან ერთად ცხოვრება მოგიწევთ. თუ ცალკე გსურთ ცხოვრება, 1 ოთახის ფასი თვეში 550 ლარიდან იწყება და საცხოვრებელი პირობების მიხედვით იზრდება. ბევრი ოთახის მსურველებს კი მაგალითად, 3 ოთახიანი ბინის დაქირავება 8 000 ლარიდან შეუძლიათ. ვებგვერდის მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ უბანში კარგად გარემონტებული და მოწყობილი 7 ოთახიანი ბინის ფასი თვეში 10 000 ლარს, ხოლო 9 ოთახიანის 10 870 ლარს აღწევს.
ვერაზე ბინის ღირებულება ვაკის მსგავსად საკმაოდ მაღალია. კერძოდ, იტალიურ ეზოში ძალიან მცირე ზომის ოთახს 350 ლარად იქირავებთ, 2-ოთახიან ასევე მცირე ზომის ბინას 400 ლარიდან, 3 ოთახიან ბინას 850 ლარიდან, 4 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას კი 4 900 ლარიდან იქირავებთ. ასევე მსგავსი ტიპის 6 ოთახიანი ბინის ქირაობის საფასური ვერაზე დაახლოებით 8 750 ლარია.
მთაწმინდაც როგორც ჩვენი, ისე ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი უბანია, სადაც ბინების დაქირავება მოთხოვნადია, შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს. აქ მცირე ზომის ბინების ფასი დაახლოებით დაახლოებით 250 ლარიდან იწყება, თუმცა მათი რაოდენობა ბევრი არ არის, კეთილმოწყობილი ბინების ფასი კი 10 000 ლარამდეც აღწევს.
საბურთალოზეც, რომელიც ასევე ქალაქის ცენტრალური ნაწილია, Saqme.ge-ს მიხედვით 1-ოთახიანი ბინის ფასი 450 ლარიდან იწყება და ოთახების და პირობების მიხედვით იზრდება. 4 ოთახიანის ფასი 4 000 ლარამდეც აღწევს, თუმცა ამავე რაოდენობით ოთახების მქონე სახლის დაქირავება, თუ მაქსიმალური კომფორტი არ გსურთ, შედარებით ხელმისაწვდომ ფასადაც შეგიძლიათ.
რაც შეეხება დიდუბეს, აქ 1-ოთახიანი ბინის დაქირავების ფასი 170 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანს დაახლოებით 450 ლარად იქირავებთ. ბინების ქირაობის მაქსიმალური ღირებულება აქაც ათასობით ლარია. მაგალითად, კეთილმოწყობილ, კომფორტულ სამოთახიან ბინას 1 200 ლარად იქირავებთ, ამავე ფასად 5-ოთახიანი ბინის მოძებნაც შეგიძლიათ. დიდუბეში ბინის ქირის ყოველთვიური მაქსიმალური ღირებულება 3 000 ლარია.
დიღმის მასივი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული უბანია, სადაც 1-ოთახიანი ბინის დაქირავების საფასური 200 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანის 400 ლარიდან და საცხოვრებელი პირობებისა და ოთახების რაოდენობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 4 ოთახიანი კერთილმოწყობილი და კომფორტული ავეჯით გაწყობილი ბინის ყოველთვიური ღირებულება ამ უბანში დაახლოებით 1 200 ლარია. დიდ დიღომში კი 1 ოთახიანი ბინის ფასი 210 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი ვებგვერდის მიხედვით 1955 ლარია.
რაც შეეხება იმ უბნებს, სადაც ბინის ქირაობა ყველაზე იაფია, მაგალითად ავლაბარში 1-ოთახიანი ბინის ქირის ფასი 300 ლარიდან იწყება. ცხადია, ამ ღირებულების ბინები მდიდრული ავეჯით კეთილმოწყობილი, როგორც წესი არ არის. Saqme.ge-ს მიხედვით, ავლაბარში ბინის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება დაახლოებით 3 500 ლარს შეადგენს.
ნაძალადევში 1-ოთახიანი ბინის ქირის ფასი 120 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანს 300, ხოლო 3 ოთახიანს 550 ლარიდან. მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ნაძალადევის რაიონში ბინის დაქირავებაში იყოს გადასახდელი, 2 200 ლარია, რომელიც სამოთახიანი ბინის ფასია.
რაც შეეხება ვაშლიჯვარს აქ 1-ოთახიან ბინას თვეში 200 ლარად იქირავებთ, ბინის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება კი 1250 ლარია, რომელსაც 3-ოთახიან ბინაში გადაიხდით.
ვაზისუბანში ბინის დაქირავება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, აქ ბინების ფასი 170 ლარიდან იწყება. აღნიშნულ ფასად ერთოთახიან ბინას იქირავებთ, 2-ოთახიანს 300 ლარიდან, 4-ოთახიანის ფასი დაახლოებით 800 ლარია, თუმცა კარგად გარემონტებული 3-ოთახიანი ბინის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 1000 ლარია.
ისანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი აქტიური უბანია, მშენებლობების თვალსაზრისითაც, ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთულია. აქ 1-ოთახიანი ბინის ფასი დაახლოებით 200 ლარიდან იწყება, მაგალითად, 3-ოთახიანს დაახლოებით 600-730 ლარად იქირავებთ, თუმცა სხვა უბნების მსგავსად ისანშიც არის განსაკუთრებით კომფორტული და კეთილმოწყობილი სახლები, რომელთა ყოველთვიური ღირებულებაც ათასებს აღწევს. მაგალითად, ერთ-ერთი სამოთახიანი ბინის დაქირავების ფასი თვეში დახლოებით 5 000 ლარია.
რაც შეეხება ორთაჭალას, Saqme.ge-ს მიხედვით 1 ოთახიანი ბინების ფასი აქ 300 ლარიდან იწყება, ამავე ფასად შეგიძლიათ მოძებნოთ ოროთახიანი ბინაც, თუმცა პირობების მიხედვით ფასი განსხვავებულია.
გლდანში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია, 1-ოთახიანი ბინების ფასი დაახლოებით 180 ლარიდან იწყება, ოთახების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი ფასიც იმატებს, თუმცა აქ 4-ოთახიან ბინას შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, დაახლოებით 1 000 ლარად იქირავებთ.
თემქაზე კი 1-ოთახიანი ბინის ფასი ყოველთიურად 200 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანის - 350 ლარიდან, 3-ოთახიანს 500 ლარად იქირავებთ, 4-ოთახიანს კი 600 ლარიდან.
ყველაზე მაღალფასიანი სახლი, რომელიც Saqme.ge-ზეა განთავსებული, 10-ოთახიანი ბინაა, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და მისი დაქირავების ფასი თვეში 19 040 ლარია.