როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები "პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივას?
"ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, მუსლიმი თემისთვის მიუღებელია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაკაიძემ განუცხადა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ძალიან სუბიექტური და შესაძლოა, სერიოზული პრობლემური იყოს ისიც, რომ თვით რელიგიურ დოგმატიკაში არსებული წესები აღმოჩნდეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი.
"ამასთან დაკავშირებით რელიგიათა საბჭოს და ცალკეულ რელიგიურ ორგანიზაციებს არაერთხელ გვქონია ერთობლივი განცხადება, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. პრობლემაა თუნდაც ის, რომ განხილვის დონეზე მივიდა ეს საკითხი. ვფიქრობ უფრო ცუდია, საქართველოში მსგავსი საკითხის კანონად ქცევა და არ მგონია, ამ ინიციატივით რაიმეს მოწესრიგებას ცდილობდნენ კანონპროექტის ავტორები. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ძალიან სუბიექტური. ვისთვის რა არის რელიგიური გრძნობა? შესაძლოა, სერიოზული პრობლემური იყოს ისიც, რომ თვით რელიგიურ დოგმატიკაში არსებული წესები შესაძლოა აღმოჩნდეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი. ვიღაცისთვის ძროხა შეიძლება იყოს წმინდა ცხოველი და შესაძლოა, ღმერთიც და თუ მუსლიმები მსხვერპლშეწირვისთვის ვიყენებთ, ეს შესაძლოა, მისთვის იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი. მუსლიმურ დოგმატიკაში ღორის ყოლა და ღორის ხორცის საკვებად გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია მუსლიმის მეზობელმა ღორი დაკლას და ესეც შესაძლოა იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი.

თუ ამ კანონმდებლობაში იგულისხმება ის, რომ სასულიერო პირები უნდა იყვნენ დაცული რაიმე კრიტიკისგან, ვფიქრობ, ესეც სერიოზული გამოწვევა და არადემოკრატიული მიდგომაა. პარლამენტი როდესაც მსგავს კანონპროექტს განიხილავს, ძალიან სერიოზული დაფიქრება სჭირდება და განხილვის თემადაც არ უნდა ქცეულიყო ეს საკითხი. ამ კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ, შედის საპატრიარქოს, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებში. მე ვფიქრობ, არსებული მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო მეტი შანსი შეიძლება ჰქონდეს ამ კანონის სარგებლობისთვის. მსგავსი კანონმდებლობა და მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია", - განაცხადა ნაკაიძემ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იქმნება, "ქართველ მუსლიმთა კავშირი" ჩართვას არ აპირებს."ჯერ არ ყოფილა კონფესიებთან კომუნიკაცია. ასეთ აბსურდში ჩართვა ერთ-ერთი დანაშაული და არასწორი მოქალაქეობრივი პოზიციაა. მუსლიმთა კავშირი, მუსლიმები არ ვაპირებთ ამ კონსულტაციებში ჩართვას. სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია და ის შეიძლება ჩაერთოს. მუსლიმი თემის მიდგომა არის, რომ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ნაკაიძემ.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის განცხადებით კი, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს მიიღებს, "ძალიან უკანგადადგმული" ნაბიჯი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსუდან გოცირიძემ განუცხადა, ამ კანონპროექტის მიღება უდიდესი ტვირთია "ჩვენი უმწიფარი დემოკრატიისთვის".
"თუ ამ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, ეს იქნება ძალიან უკანგადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების სირცხვილი, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ქვეყანამ მიიღოს კანონი რელიგიური გრძნობების შელახვის თაობაზე. ეს იქნება უდიდესი ტვირთი ჩვენი უმწიფარი დემოკრატიისთვის, ეს იქნება პირველ რიგში დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს იქნება ბორკილი მედიისთვის, ეს იქნება ინსტრუმენტი, რომელსაც ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ინსტიტუცია გამოიყენებს მისთვის არასასურველი სუბიექტების ჩამოსაშორებლად. ამას არ სჭირდება დიდი მკითხაობა და წინდაწინ გათვლა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს კანონი მუშაობს, არის პრობლემები ამ მიმართულებით. ეს არის კანონი, რომელსაც ძალაუფლების მქონე ინსტიტუციები მათთვის არასასურველი ადამიანების ჩამოსაშორებლად იყენებს", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, თუ რელიგიური ტექსტებით ვისაუბრებთ, ქრისტეს არ სჭირდება არავისგან დაცვა."მე ვერ წარმომიდგენია გაიწეროს, როგორ გაიზომება რაიმე გრძნობა. მესმის, რომ კანონი შეურაცხყოფას ზომავს, მაგრამ რელიგიურ გრძნობებს რაც შეეხება, მე არ მგონია ჩვენმა კანონმდებლებმა ისეთი დახვეწილი ფორმულირება შემოგვთავაზონ, გასაგები იყოს რა არის რელიგიური გრძნობა. მე, რაც მეხსიერება მაქვს, დაახლოებით 2010 წლიდან, ყოველ მეორე წელს ეს კანონი ხდება აქტუალური. ყველა ჯერზე ეს კანონი არის ბუნდოვანი და ბუნდოვანება ნიშნავს, რომ ვისაც როგორ უნდა ისე წაიკითხავს. ამჟამინდელი ინიციატივა, კიდევ ყველაზე უარესი ვარიანტია, რაც კი აქამდე მინახავს. დიდი იმედი არ მაქვს არც კვიციანის იურიდიული განათლების, არც დღევანდელი პარლამენტის მგრძნობელობის. ეს არის შურისძიება ბოლო პერიოდში განვითარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე - პრეზერვატივების და "რუსთავი 2"-ის საქმეებზე. სხვა ვერაფრით გასცა პასუხი მათმა რელიგიურმა განწყობებმა და ცდილობენ ამას კანონი მიუსადაგონ. თუ რელიგიური ტექსტებით ვისაუბრებთ, ქრისტეს არ სჭირდება არავისგან დაცვა", - აღნიშნა გოცირიძემ.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მისთვის და მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ მამა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა.
მამა ალექსანდრე გალდავას თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია და თუ საქართველოს ევროპული გზა აქვს არჩეული, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს აქაც.
"მე მგონი რელიგიური გრძნობების შესახებ კანონი არც არსებობს, მაგრამ ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული, შეგვიძლია, მაგალითად, ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფები. ჩვენ თუ გვინდა ეს გზა, მაშინ ვიყოთ ევროპელები, თუ არა და მაშინ უნდა ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველაფრის კეთება", - აღნიშნა მამა ალექსანდრე გალდავამ.
მისი თქმით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივის ტექსტს საპატრიარქო არ იცნობს და აქედან გამომდინარე, ჯერ რაიმე ინიციატივის მხარდაჭერის საკითხი დღის წესრიგში არ დგას."რელიგიის თვითგამოხატვა, თავისი სწავლების გამოხატვა რასაკვირველია, ყველას შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მისთვის და მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს. ისევე როგორც მუსლიმებს არ სწამთ ქრისტესი, როგორც განკაცებული ღმერთის და ჩვენ ამაზე პრიბლემა არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, რასაკვირველია ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იქნება", - განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენელი ემზარ კვიციანია.
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.