თბილისში მომავალ კვირას ერთ-ერთ ხაზზე 1-ელი ელექტროავტობუსი გამოჩნდება
დედაქალაქში მომავალ კვირას 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
ელექტროავტობუსის მოძრაობა 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იგეგმება, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მგზავრობას.
"ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი",-აღნიშნა პატარაიამ.
ცნობისთვის, კომპანია "ფრეგობასი" ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს.
როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.