სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება
სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტთა შორის განისაზღვრება: საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, კემპინგებისა და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი) შენობა-ნაგებობები, მიუხედავად მათი ფართობისა და შენობებში მყოფ ადამიანთა რაოდენობისა.
ამას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციტიავით პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტებია: სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობები; 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).
"საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, განსაკუთრებით ადამიანების მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე, ბოლო წლებში მომხდარი ხანძრების შედეგების ანალიზი აშკარად მიგვანიშნებს ამ ტიპის ფუნქციური დანიშნულების შენობებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე. სასტუმროების, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების შენობა-ნაგებობებში ჩატარებული შემოწმებითა და გამოკვლევით დადგინდა, რომ ობიექტებში მთელ რიგ შემთხვევებში, უხეშად ირღვევა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა, როგორც წესი, ხანძრის შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სხვა რეგიონებში არსებული სასტუმროების შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლით გაირკვა, რომ ამ ობიექტების დიდი უმრავლესობა (ძირითადად ე.წ. ოჯახური ტიპის სასტუმროები) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ობიექტებს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ სასტუმროებში ადგილების რაოდენობა 100 ადამიანზე ნაკლებია და შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა ამ ობიექტებზე არ ხორციელდება. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" მომხდარი ხანძარი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა", - განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მკითხველის კომენტარები
(0)