
"სახალხო მოძრაობა სოციალური საქართველო" 9 მაისს ვაკის პარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების შესახებ გაართხილეს. ამის შესახებ მოძრაობის თავმჯდომარეს ვალერი კვარაცხელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. ვალერი კვარაცხელიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ "თავისუფლების ქარტია" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მოძრაობის თავმჯდომარემ არ უნდა დაუშვას და უნდა აღმოფხვრას ღონისძიებაზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყეება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
ვალერი კვარაცხელიამ სუს-ის მიერ გაგზავნილ წერილს ფაშიზმის სამარცხვინო აღზევების უტყუარი დასტური უწოდა და საზოგადოებას ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებისკენ მოუწოდა.
"ჩვენი მისვლით და პატივის მიგებით ჭრილობები მოვუშუშოთ და მალამოდ დავედოთ ბრძოლის ველებზე დაცემულ ასეულ ათასობით ქართველ გმირს, გავამხნევოთ ისინი, ვუთხრათ, რომ დროებითია ფაშიზმის ის სამარცხვინო აღზევება, რისი უტყუარი დასტურიც ეს სამარცხვინო წერილი გახლავთ, რომელიც გუშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამომიგზავნა", - ნათქვამია ვალერი კვარაცხელიას Facebook პოსტში.