თურქეთის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შესახებ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

თურქეთის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შესახებ კომენტარს აკეთებს

გვინდა, რომ ეს სამუშაო რეგისტრირებული გახდეს და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიან, კანონით იქნებიან დაცულები, - ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა Allnews.ge-ის თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე წასვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე  განუცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროება რომ არ იყოს ქართველები თურქეთში სეზონურად სამუშაოდ არ წავლენ. ფატმა სერენ იაზგანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლა როგორც წესი ნებადართული არ არის, თუმცა საქართველოსთვის გამონაკლისს უშვებენ.

"თუ ამის საჭიროება არ არის, თუ არ არის ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება, ასეთი რამ არ მოხდება. რაც მინდა ამასთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთდეს, არის ის, რომ ეს სამუშაო დავარეგისტრიროთ და ადამიანები, ვინც თურქეთში სამუშაოდ სეზონურად მიდიან, კანონითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით უზრუნველყოფილები იქნებიან, მათი უფლებები დაცული იქნება.

ჩვენი ემიგრაციის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ყველგან გამოაკრეს, ეს არის საინფორმაციო ფურცლები იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ სამუშაოზე თურქეთში მიდიან. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ. თურქეთში მხოლოდ აჭარიდან არ მიდიან და რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს გახდეს ოფიციალური, რეგისტრირებული და კომფორტული", - განმარტა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე ჩაის და თხილის საკრეფად საქართველოდან ყოველწლიურად ასობით ადამიანი გადადის. მათი დროებითი საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით, თურქეთის მთავრობამ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება თურქეთში სეზონურად ლეგალურად იმუშაოს.