
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის მეშვიდეკლასელი, რომელიც თანატოლების მხრდიან ბულინგის მსხვერპლი გახდა, მშობელმა საზღვარგარეთ წაიყვანა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მე-7 კლასელი მოსწავლის დედა, მანამდეც უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა. ის პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში და ამჟამად, გადაწყვიტა შვილი თან წაეყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შემდეგ, ბულინგთან და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ სკოლაში არაერთი აქცია, შეხვედრების ციკლი და მშობელთა კრება ჩატარდა. ამასთან, ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები ძალადობის წინააღმდეგ.
რაც შეეხება დანარჩენ მოსწავლეებს, ვისი მხრიდანაც ძალადობა განხორციელდა, როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
"ისინი გადამისამართებულნი არიან, როგორც მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში, ასევე სოციალურ სააგენტოში. მათგან ერთ-ერთი, ამჟამად სხვა საჯარო სკოლაში სწავლობს. პარალელურად, საქმეს შსს იძიებს", - აცხადებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
საუბარია გასულ თვეში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც სამი მოსწავლე მეშვიდე კლასის მოსწავლეს ფიზიკურად უსწორდება და აიძულებს, ისეთი ხასიათის ქმედება აღიაროს, რომელიც არ ჩაუდენია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.
"სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.