
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტროში მოითხოვენ, რომ გადაცდომების ამსახველი ფაქტები თავად აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინონ, რაზეც წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ის შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას აუცილებლად წარუდგენს. გარდა ამისა, "თეთრი ხმაურის" მოძრაობა მოითხოვს, რომ ნარკოპილიტკის საკითხების განხილვებში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთოს.
"შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით და მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ კი, ნარკოპოლიტკასთან მიმართებით", - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.
რაც შეეხება აქციების გაგრძელებას, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნარკოპილიტიკის საკითხი განიხილება. ბექა წიქარიშვილის თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას.