უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას
უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას. შს სამინისტრო ამ პოზიციაზე მოქალაქეთა მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
კრიმინალური პოლიციის, მათ შორის უბნის ინსპექტორების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია, თუმცა კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა, საკმაოდ რთულია.
"დღეს, ამ ერთ-ერთ მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია. მდგომარეობა არის შემდეგი: - ისეთი თანამდებობრივი პოზიციები, როგორიცაა უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი და გამომძიებელი, არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის გამოიყენება. ამ დასახელებების უკან შინაარსობრივი გრადაცია არ არის. დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა ხდება. საგამოძიებო კომპონენტი ცალკე გამოიყოფა. დავიწყეთ ამ მიმართულებით ტესტირება. გვაქვს საკმაოდ კარგი მონაცემები, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ. ცალკე ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი დიდი იმედიც გვაქვს, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება - ის იქნება უბნის ოფიცერი.
უკვე შექმნილია მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის 365 ადამიანი გვჭირდება. დაწყებულია 80 ადამიანის მომზადება. 10 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ღია კონკურსი გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უბნის ინსპექტორი არის კრიმინალური პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები უნდა შეიქმნას", - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მკითხველის კომენტარები
(1)
სადმე სხვაგან თუ არ გაქვთ წასასვლელი, წადით სამუშაოდ პოლიციაში............... იქ არ ჭირდებათ შეგნებული და ჭკვიანი ხალხი, მთავარია ბრძანების შესრულება იცოდე და ხელფასზე იმუშაო..............................