10 ლარად ახდენილი გლეხის ოცნება?! - სად წავიდა 20-30 ათასი ფერმერისგან აღებული ფული?
დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება.
ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება. "ამერიკული გრანტის" მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არავის მიუღია. არადა არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურების ინფორმაციით, 20-30 ათასი განმცხადებელი უკვე ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარი, რომელიც "გლეხს არ დააქცევს" ერთად თავმოყრილი 200 000-300 000 ლარად უკვე იქცა.
"ბიზნესპრესნიუსმა" გადაწყვიტა ამ ორგანიზაციის შესახებ ჟურნალისტური მოკვლევა ეწარმოებინა და გაერკვია, სად წავიდა გლეხებისგან აღებული ფული?
"იდეების განვითარების ფონდის" სახელით...
"იდეების განვითარების ფონდი" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს 10 ლარის სანაცვლოდ ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას ჰპირდება. ორგანიზაცია სააჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეესტრის ბოლო, 2017 წლის 23 მარტით დათარიღებული ამონაწერით, ფონდს დამფუძნებელთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის პრეზიდენტიც, დიანა სახურიაა. მისი მოადგილე კი მიხეილ ნურაშვილია. ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე/წევრია: ზურაბ თვარაძე, გამგეობის სხვა წევრებად კი ნიკა შავიშვილი, რამაზ სურმანიძე, გიორგი ლომსაძე და ტრისტან კიკვაძე არიან რეგისტრირებული.
როგორც ხედავთ, რეესტრში ბიზნესმენ დავით კარტოზიას კავშირი აღნიშნულ ფონდთან არ ფიქსირდება, თუმცა ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას 10 ლარის სანაცვლოდ მოსახლეობას სწორედ ის სთავაზობს. მეტიც, გასული წლის 5 ოქტომბერს, კარტოზიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ მას და ფონდის დამფუძნებელთა საბჭოს ხელმძღვანელს, დიანა სახურიას ნამდვილად აქვთ საერთო ინტერესები და ამერიკული ZIDF-ის (zeiter ideas development fund) თანადამფუძნებლები არიან. ცნობისთვის, ეს ის კომპანიაა, რომელიც „იდეების განვითარების ფონდთან“ პარტნიორობის შედეგად დავით კარტოზიას ამერიკაში უნდა დაეარსებინა და რისთვისაც მას ფერმერებისგან მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ერიცხებოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დეტალები თავად დავით კარტოზიასგან გაეგო, თუმცა, მან ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარი თქვა და როგორც მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამის შესაძლებლობა ზაფხულამდე ვერ მოგვეცემოდა, ამიტომ ჟურნალისტური მოკვლევა კარტოზიას გარეშე გავაგრძელეთ.
განხეთქილება ფონდის თანადამფუძნებლებს შორის
ინფორმაციის მოპოვებისას რა თქმა უნდა, "იდეების განვითარების ფონდის" დირექტორს, დიანა სახურიასაც დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ ფონდი მისი დაფუძნებულია. ის ასევე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც თანამშრომლობდა დავით კარტოზიასთან, თუმცა, გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
"ფონდი გასული წლის 30 მარტს გაიხსნა. უკვე მაის-ივნისის პერიოდში კარტოზიას საკუთარი ანგარიშიდან 8 000 დოლარამდე გადავუგზავნე, რომ ამერიკაში ორგანიზაცია ZIDF დაეარსებინა. 5 აგვისტოს კი ფერმერებთან შეხვედრები დავიწყეთ. ამის შემდეგ, 30 ნოემბერს საქართველოში კარტოზიას შვილი ჩამოვიდა. ხალხთან შეხვედრისას ის ეუბნებოდა, რომ გრანტის მისაღებად ჯერ მზად არ იყვნენ და ამას ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. ბოლო შეხვედრა მასთან 9 დეკემბერს გაიმართა... მას შემდეგ მათთან ურთიერთობა გავწყვიტე. თებერვალში კი უკვე თავად კარტოზიამ თქვა, რომ ჩვენთან თანამშომლობა აღარ სურდა. მიუხედავად ამისა, სხვა კოორდინატორების საშუალებით და"იდეების განვითარების ფონდის" სახელით, ცალკე ოფისები დააარსა. რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია როგორც, "ზეიტერ სამეგრელო"“, "ზეიტერ გურია", "იდეების განვითარების ფონდი კახეთი" და ა.შ. რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ მაქვს, ვერაფერი მოვიმოქმედე და იმ პერიოდს ველოდებოდი, როცა დოკუმენტებით შევძლებდი მასთან საუბარს. შესაბამისად, ისინი საქმიანობას ახლაც აგრძელებენ და როგორც ვიცი სასულიერო პირებიც კი ჰყავდათ ამ საქმეში ჩართული", - ამბობს სახურია.
სახურიამ იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10 ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ გვითხრა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა საელჩოებთან თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების შედეგად მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს.
"ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოჰქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო და ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც. რაც შეეხება გრანტებს, ამაზე ამერიკაში არსებულ ორგანიზაციას IMTD-ს უნდა ეზრუნა, რომლის დირექტორიც, კერინ დიკმარი იყო. მისი გამოგზავნილი დოკუმენტიც მაქვს, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერაა და არანაირი ბეჭედი. სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო დონორებზე გასვლა და დაფინანსების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ კარტოზიასთან თანამშრომლობის გაწყვეტამდე კერინს ორჯერ ველაპარაკე და დამპირდა "ყველაფერი იქნებაო". ამის შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. მცდელობის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, რადგან მის "ფეისბუქს" და "სკაიპს" უკვე კარტოზია პასუხობს",-აცხადებს სახურია.
სახურიას ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსება არცერთ ფერმერს არ მიუღია. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ამ საქმით გამოძიება დაინტერესდეს, რადგან როგორც სახურია აცხადებს, მის ხელთ არსებული დოკუმენტები ანტიკრიმინალურ საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მიაწოდა. ჩვენ რა თქმა უნდა, აღნიშნულ ორგანიზაციასაც დავუკავშირდით და დავინტერესდით, იკვეთება თუ არა საქმეში დანაშაულის ნიშნები. თუმცა, როგორც "ანტიკრიმინალური საერთაშორისო ორგანიზაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, სპარტაკ მუკბანმა განაცხადა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ჯერ მხოლოდ მასალების შესწავლის პროცესში არიან.
"სრული საბუთები ჯერ არ გვაქვს, გვეუბნებიან დღეს-ხვალ მოგაწვდითო და იწელება ეს პროცესი. დაახლოებით ორი კვირაა, რაც რამდენიმე ადამიანმა მომმართა და მათი ინფორმაციით, ამ პროექტში ჯამში, 20-30 ათასამდე ფერმერი იყო ჩართული, თუმცა, დაფინანსება არავის მიუღია. ამასთან, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით, გავარკვიეთ, რომ დავით კარტოზია არც საქართველოს და როგორც ჩანს არც ამერიკის მოქალაქეა. იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მასალებს პროკურატურას გადავცემთ", - განაცხადა მუკბანმა.
ვინ არის კაცი "სკაიპიდან"?
რაც შეეხება უშალოდ დავით კარტოზიას და მის საქმიანობას, მისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორი, დიანა სახურია აღნიშნავს, რომ კარტოზიას პირადად არ იცნობდა და თანამშრომლობის დაწყებამდე მის შესახებ არც ინფორმაცია მოუპოვებია.
"კარტოზიას მეც "სკაიპით" ვიცნობდი, სულ რაღაც მიზეზები ჰქონდა, რის გამოც პირადად შეხვედრა არ ხერხდებოდა. რეგიონებშიც, მოქალაქეებთან სასაუბროდ თავად მას ვრთავდით "სკაიპით". მის საქმიანობას რაც შეეხება, თვითონ ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი არ ჰქონდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესი ჰქონდა ამერიკაში, გვაჩვენა კიდეც რაღაც საიტები, მაგრამ როცა ამერიკაში საგამოძიებო სამსახურს დავეკონტაქტეთ, აღმოჩნდა, რომ ეს კაცი არაფერს წარმოადგენდა. გარდა ამისა, იმასაც ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ტყუილია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს",- ამბობს სახურია.
აღნიშნული ბრალდებების შემდეგ, "ბიზნესპრესნიუსი" კიდევ ერთხელ შეეცადა დავით კარტოზიასთან დაკავშირებას. მას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მივწერეთ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, დავით კარტოზია არ გამოგვეხმაურა. რამდენიმე დღეში კი, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ ერთ-ერთ ტელევიზიასთან, სადაც, კარტოზია აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის ფილიალები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მდებარეობს, თუმცა, მხოლოდ უკრაინა დააკონკრეტა.
მისივე ცნობით, ამ პროექტის განხორციელებაში სამი ორგანიზაცია მონაწილეობს. "რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, 6 სათავო რეგიონული ორგანიზაცია გვაქვს, რომელთაც საკუთარი ქვეორგანიზაციები აქვთ. ჯამში, რამდენი განაცხადია ამ ორგანიზაციებში შესული ამის თქმა რთულია, რადგან ზოგიერთ ორგანიზაციაში განაცხადები დამალული/დაკარგულია, რის გამოც სარჩელი უკვე შეტანილია და წარმოებაშია ეს საქმეები. რაც შეეხება საწევრო გადასახადის თემას, ჩვენ რომ ამერიკიდან ფულით შემოვსულიყავით და ამ ორგანიზაციის გახსნა დაგვეწყო, ეს მონათლული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რისი მცდელობებიც იყო. ამიტომ ამის თავიდან ასარიდებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზული ორგანიზაცია ვართ და ხალხის ნება-სურვილს ვეყრდნობით, შევქმენით თვითდაფინანსება. აქ იგულისხმება ის 10 ლარიანი საწევრო განაცხადი/გადასახადი, რომელიც შემოდის ორგანიზაციაში და ნაწილდება. კერძოდ, 5 ლარი მოდის ამერიკაში, 5 რჩება საქართველოში. ეს ყველაფერი კი სისტემის შექმნას ხმარდება,"-აღნიშნა კარტოზიამ.
გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით კარტოზიამ განაცხადა, რომ მიდის მოლაპარაკება ამერიკის მთავრობასთან, მაგრამ არ ასახელებს კონკრეტულად ვისთან და აცხადებს, რომ როცა საჭირო იქნება (და ეს ძალიან მალე მოხდება) ისინი მაშინ გამოჩნდებიან. გარდა ამისა, კარტოზიას თქმით, მუშაობენ ძალიან ბევრ დონორთან, რომელთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. ასევე საელჩოებთან აქვთ ურთიერთობა და საუბარია, ემიგრანტების დაბრუნებაზე. კერძოდ, როგორც კარტოზმიამ აღნიშნა, ამზადებენ ოფიციალურ შეთავაზებას, რომ საელჩოები ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარონ, ხოლო თავად მათი ქვეყნებიდან ემიგრანტების გამოყვანაში დაეხმარებიან.
მეტი დამაჯერებლობისთვის კარტოზია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იშველიებს. "რაც შეეხება გრანტების საკითხს, აღსანიშნავია, რომ გრანტი 20 მილიონი დოლარის ოდენობით უკვე გამოყოფილია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩვენმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის ივლისში, ვმუშაობთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებაზე და ვქმნით სისტემის გარკვეულ მექანიზმებს. ამის შემდეგ, 15 სექტემბერს, ამერიკის მთავრობა და USAID გამოდის წინადადებებით და ეკონომიკის აღორძინებისთვის გამოყოფს 20 მილიონ დოლარს. თუ ჩვენ მიერ გაჟღებულ თემებსა და USAID-ის მიერ დასახელებულ თემებს დააკვირდებით, ნახავთ რომ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს 20 მილიონი არავისზე არაა მიმართული და საბუთს თუ წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ უნდა იყოს ახალი მიდგომები, ახალი სისტემები შექმნილი და სწორედ ამ სისტემას ვქმნით ჩვენ"-აღნიშნავს კარტოზია.
ინტერვიუს მსვლელობისას კარტოზია ვერ ასახელებს, თუ რა თანხას მიიღებს ჯამში საქართველო, ასევე ვერ საუბრობს იმაზე, თუ როდის მიიღებენ მოქალაქეები ამ თანხას და აცხადებს, რომ ხალხი თანხას მიიღებს მაშინ, როცა მზად იქნებიან. ამასთან, კარტოზიას თქმით, ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო სჭირდება.