
მსოფლიოში ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის გრიპი, რესპირატორული სინქიმიური ინფექციები, გასტროენტერიტი, ენტერობიოზი და სტრეპტოკოკური ინფექციებია. რაც შეეხება საქართველოს, თუ რომელი დაავადებები იჩენს ბავშვებში თავს ჩვენს ქვეყანაში და რომელია ყველაზე გავრცელებული, ამის შესახებ Allnews.ge ექიმ-პედიატრებს ესაუბრა.
მედიცინის დოქტორის, ბელა ელიაძის თქმით, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად მშობლებს ბავშვები მწვავე ვირუსული რესპირაციული ინფექციებით მიჰყავთ.
"ამ ვირუსებიდან აღსანიშნავია გრიპი, პარაგრიპი, რესპირაციულ-სინთეტიური ვირუსით გამოწვეული რინიტები, ტონზილიტები, ბრონქიტები და პნევმონია. ამ ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა ჰერპესვირუსული ინფექციები. ადრე უფრო გამოკვეთილი იყო სეზონურობა, ახლა კი, თითქმის ყველა სეზონზე იჩენს თავს ეს ვირუსები. წლის ნებისმიერ მონაკვეთში განსაკუთრებით გამოირჩევა თბილისი, ამის მიზეზი კი შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფაა.
თბილისში პატარა ნიავიც კი ნიშნავს ბუღს, სამშენებლო მასალების მტვერს. ქუჩები არ სუფთავდება, რომც სუფთავდებოდეს, იმდენად უხარისხო საწვავს მოიმხარენ ავტომობილები, რომ ჩვენი შვილები მძიმე მეტალების გამონაბოლქვს სუნთქავენ.
ამ ვირუსებს ერთნაირი სიმპტომები არ აქვს, თუმცა, მათგან გამოირჩევა სურდო, ხველება, მაღალი ტემპერატურა",- ამბობს ბელა ელიაძე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ექიმ-ჰემატოლოგ მარინა კვეზერელის თქმით კი, ბოლო პერიოდში ბავშვებში შეინიშნება რკინადეფიციტური ანემია.
"ჩემს მიმართულებაზე ყველაზე ხშირად მოჰყავთ ბავშვები რომელთაც აწუხებთ რკინადეფიციტური ანემია. ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰემოგლობინის დარღვევით იმიტომ, რომ ჰემოგლობინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის რკინა, აქედან გამომდინარე, რკინის დეფიციტის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა ანუ ანემია და ეს უკანასკნელი ძირითადად ხასათდება ჰემოგლობინის დაქვეითებით.
ჰემოგლობინი არის მთავარი ჟანგბადის გადამტანი ორგანიზმში, ამიტომ როდესაც არის რკინის დეფიციტი, ორგანიზმში ვითარდება ჟანგბადით შიმშილი. სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე 2 მილიარდამდე ადამიანს აქვს რკინის დეფიციტი, ანემიათა შორის 70-80 პროცენტი სწორედ რკინის დეფიციტზე მოდის. რაც შეეხება ბავშვებს, კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანმრთელი ბავშვების 30%-ზე მეტს აქვს რკინადეფიციტური მდგომარეობა. ეს დაავადება ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება 6 თვიდან 24-36 თვემდე და შემდეგ მატების ტენდენცია აქვს უკვე მოზარდებში", - ამბობს მარინა კვეზერელი.
კითხვაზე, რა იწვევს ბავშვებში რკინადეფიციტურ ანემიას, ექიმი-ჰემატოლოგი ასე პასუხობს: არსებობს დაავადების ბევრი მიზეზი, პირველ რიგში ეს არის არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება.
ასევე ამის მიზეზია ორგანიზმში ნაწლავური პრობლემები. აუცილებელია კვების მოწესრიგება. ექიმები ურჩევენ ხოლმე მშობლებს, ჰაერის გამოცვლას, თუმცა თუ უკვე დადგენილია ორგანიზმში რკინის დეფიციტი, აუცილებელი ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა", - ამბობს მარინა კვეზერელი.