
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობაა გამოფენილი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი". მოედანზე ასევე წარმოდგენილია: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, "ჩინგორი", "დიდგორი", "ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, "ჰამერი", RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.
ამასთან, ფიცი დადო საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ. 26 მაისს 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში" (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და სარიტუალო ასეული.
სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე.