
თბილისის "ადამიანის უფლებათა სახლი" და მისი წევრი ორგანიზაციები, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ადამიანის უფლებათა სახლიდან" აცნობეს, 29 მაისს ზუსტად ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან.
სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.
დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.