
ჩვენ მზად ვართ, ამ სიტუაციაში სამართლებრივად ჩავერთოთ და დავიცვათ იმ ადამიანების უფლება, ვისი უფლებებიც იზღუდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ის მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან აქციაზე მივიდა. როგორც სულხან სალაძემ განმარტა, საია მზად არის, გაფიცულ თანამშრომლებს სამართლებრივ დავაში გვერდით დაუდგეს.
"მე მოვისმინე, რომ შესაძლოა რაღაც სამართლებრივი ჩარევა მოხდეს და გამოიყენონ ერთგვარი პასუხისმგებლობის ფორმები ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ამ სიტუაციაში სამართლებრივად ჩავერთოთ და დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, ვისი უფლებებიც იზღუდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასე, რომ თუ თვითმმართველობა ფიქრობს, რომ სამართლებრივ დავაში შევა ამ ადამიანებთან, მათ პასუხისმგებლობაზე დაიწყებს საუბარს, მათ შორის სასამართლო ინსტანციებში, მზად ვართ, სამართლებრივად დავეხმაროთ მათ", - განაცხადა სალაძემ.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში შეეძლოთ აქციის გამართვა, გაურკვეველია, ხოლო ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობა ქალაქის თვითმმართველობამ უნდა აიღოს.
"ის მოცემულობა, რომელშიც დღეს აქ გვიწევს ყოფნა, არის გამოძახილი სწორედ სასამართლოს გაურკვეველი გადაწყვეტილების, როდესაც მეტროს მემანქანეებს უთხრა, რომ თქვენ შეგიძლია გაიფიცოთ არასამუშაო საათებში. არასამუშაო საათებში გაფიცვის შედეგად, როდესაც ეს ადამიანები გამოცხადდნენ სამსახურში, უთხრეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ,ისინი ვერ გავიდოდნენ სამუშაოდ. ეს არის გამოძახილი და გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც თავის დროზე სასამართლომ მიიღო. ამიტომაც დღეს აქ რაც ხდება, ამაზე სრულად პასუხისმგებელი არის ქალაქის თვითმმართველობა", - განაცხადა სალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხმალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.