რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი, მობილური და სხვა ელექტრონული ნარჩენი?
გადაყრილი ტელევიზორი, ელემენტები, მაგნიტოფონები, მაცივრები, რადიო მიმღებები და სხვა ელექტრონული ნარჩენები გარემოსა და ჩვენ ჯანმრთელობას იმაზე მეტად ვნებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ვინაიდან ტექნიკის ნარჩენებიდან მავნე ნივთიერებები შეიძლება, საკვებ პროდუქტებშიც მოხვდეს.
პოლიეთილენის მსგავსად, ელექტრონულ ნარჩენებს დასაშლელად ასობით წელი სჭირდება, თუმცა პოლიეთილენისგან განსხვავებით, ტექნიკა გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურებას იწვევს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, რადგან მოქალაქეებმა არ იციან, სად წაიღონ, როგორ გამოიყენონ გამოუსადეგარი ელემენტები, პატარა აკუმულატორები, ძველი მობილური ტელეფონები, კომპიუტერების პროცესორები და სხვადასხვა ტექნიკა.
საინტერესოა, ებრძვის თუ არა ჩვენი ქვეყანა ელექტრონული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას და როგორ აისახება ეს ყოველივე ჩვენს ჯანმრთელობაზე?
ნინო ჩხობაძის განმარტებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბიოლოგიური ნარჩენი გროვდება, რომელსაც ერთვის ბავშვის საფენები, ბოთლები, ქაღალდები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრონული ნარჩენები, ამ ყველაფრის სეპარაცია კი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხდება.
"2019-2020 წლიდან შემოდის მეწარმის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც ელექტრონული ნარჩენის შეგროვებასა და უტილიზაციას გულისხმობს. ამის დებულება მზადდება და საუბარია იმაზეც, აღნიშნული ვალდებულება ვის დაეკისრება. მაგალითად, უცხოეთში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მაღაზიები, თავად ბრენდები იღებენ," - განმარტა ნინო ჩხობაძემ.
ნინო ჩხობბაძე განმარტავს, რომ წლების წინ საქართველოში ტექნიკა ახლანდელთან შედარებით იშვიათი იყო, ამიტომ ბევრი კერძო მეწარმე ტექნიკას იბარებდა და შლიდა, თუმცა რადგან ახლა ელექტრონიკის მოჭარბება იგრძნობა, არსებობს მათი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებზე მოხვედრის საფრთხე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.
"ტელევიზორებს უფრო შლიან, ელემენტის საკითხი კი კატასტროფის ტოლფასია, იმიტომ რომ ცალკე არ გროვდება და არავინ მუშაობს ამაზე. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ველოდებით დებულებას, რომელიც მუშავდება, რომ აკუმულატორების შეგროვების რაიმე პუნქტები მაინც გაჩნდეს", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
გარემოს დამცველის თქმით, ელექტრონული ნარჩენები შლის პროცესში ბუნებას მძიმე მეტალებით აბინძურებს.
"შედეგად მჟავა, რომელიც ამ ტექნიკიდან გამოდის, იმდენად სერიოზულ პრობლემას ქმნის, რომ შეიძლება, მიწის ზედაპირი დააბინძუროს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტებსა და წყალში აისახება, პრობლემატური კი იმიტომაა, რომ იწვევს ალერგიულ დაავადებებს, იქმნება სასუნთქ დაავადებებთან დაკავშირებული თუ პროდუქტებზე ალერგია, იმიტომ რომ ეს მძიმე მეტალები პორდუქტებში გადადის და აკუმულირდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა. მერე გვიკვირს, ტყვია საიდან გაჩნდა ადამიანის ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს დოკუმენტი და ნარჩენების მართვის კოდექსში ამოქმედდეს ის ჩანაწერი, რასაც მეწარმის პასუხისმგებლობის ნორმები ჰქვია," - განმარტა ნინო ჩხობაძემ.
პრობლემატურია სხვადასხვა ტექნიკის მონიტორებიც, რადგან მის შიგნით ბუნებისთვის სხვადასხვა მავნე ელემენტია.
"შეიძლება მასში ისეთი ტიპის მძიმე მეტალები იყოს, რაც დაბინძურებას იწვევს. ეს მოითხოვს სერიოზულ უტილიზაციას ანუ დაშლას, სეპარირებას და შემდგომ გადამუშავებას," - აღნიშნა სპეციალისტმა.
ეკონომიური ნათურები, რომლებსაც ჩვენი უმეტესობა აქტიურად იყენებს, ვერცხლისწყლის შემცველია, ამ ნივთიერების გარემოში მოხვედრაც დაბინძურებას იწვევს.
"ვერცხლისწყალი ტოქსიკური ნივთიერებაა. არსებობს დანადგარები, რომლის მეშვეობითაც ეკონომიური ნათურებიდან ვერცხლისწყლის გამოღება და შესაბამისად, მათი ხელმეორედ გამოყენება შეიძლება. ამ შემთხვევაში მისი ბუნებაში მოხვედრა უკვე სახიფათო აღარ არის. დღეს ჩვენთან ვერცხლისწყლის უტილიზაცია არც ნათურებიდან და არც თერმომეტრიდან არ ხდება. ვერცხლისწყალი, რომელიც ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა, ბუნებაში ხვდება," -განმარტა ნინო ჩხობაძემ.
გარდა ვერცხლისწყლისა, როგორც გარემოსდამცველი Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, გარემოში ხვდება სხვა მძიმე მეტალებიც: ტყვია, კადნიუმი, ცინკი, რკინა, რომელთა დიდი დოზით გავრცელებაც საფრთხის შემცველია და როგორც სიმსივნური, ისე სხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს.
ნინო ჩხობაძის თქმით, თუ სახლში ძველი, არასასურველი ტექნიკა გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ იმ ხელოსნებსა და ტექნიკოსებს მივცეთ, რომლებიც მათ ჯერ კიდევ იყენებენ.
საინტერესოა რამდენად საშიშია ძველი და გამოუყენებელი ტექნიკა სახლში? როგორც ბიოფიზიკოსი ბესიკ ფარცვანია განმარტავს, თუ მოძველებული ტექნიკა სახლში ისევ გაქვთ, ამაში საშიში არაფერია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ მის რეალიზაციას ჯართის სახით მოახდენთ ან უბრალოდ უსასყიდლოდ გააჩუქებთ, რადგან მათი ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა, სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში შევიდნენ, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისხება.
"რაც შეეხება ელემენტებს, წარმოიდგინეთ, რამდენი ელემენტი უნდა გადააგდო, რომ ამან გარემოზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს. ნაგავსაყრელზე გადაყრილი ელემენტები დროთა განმავლობაში იჟანგება და არსებული ნივთიერება შიგნიდან გამოჟონავს, რაც სხვა ნივთიერებებთან შედის რეაქციაში, თუმცა რა რეაქციები მიმდინარეობს და რამდენად მავნეა გარემოსთვის, ეს პირდაპირ შესწავლილი არ არის. ვერბალურ დონეზე შეგიძლია თქვა, რომ სახიფათოა, რადგან ნაგავსაყრელი თავისთავად მოიცავს ქიმიურ რეაქციებს," - აღნიშნა ბესიკ ფარცვანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვერცხლისწყლის საკითხიც, რომელიც თერმომეტრებსა და თუ სხვა ნივთების შემცველობაშია და ხშირად ნაგავსაყრელებზეც ხვდება. ვერცხლისწყალი ხვდება ადამიანის თირკმელებში, ღვიძლში, სისხლში, ელენთაში, ტვინსა და ძვლებში.
ვერცხლისწყალი აზიანებს სასუნთქ სისტემასაც და იმდენად მომწვამვლელი ნივთიერებაა, რომ შეიძლება, სიკვდილიც კი გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ აღნიშნული ნივთიერების შემცველ ნივთებთან სიფრთხილეა საჭირო.
არამხოლლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციის საკითხი დღემდე პრობლემატურია. 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში Guardian-ი წერს, რომ 2018 წელს გლობალური მასშტაბით ელექტრონული ნარჩენები 50 მილიონი ტონას მიაღწევს, მათ შორის 3 მილიონი ტონა მცირე ზომის მოწყობილობებია და არამხოლოდ მობილური ტელეფონები, კალკულატორები და ლეპტოპები, არამედ ვიბრატორები და სხვადასხვა მცირე ზომის საახალწლო მოწყობილობა.
Guardian-ის განმარტებით, დიდ ბრიტანეთში მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს დაფინანსების სქემები, რომლის მიხედვითაც ტელეფონის ჩაბარების სანაცვლოდ, თანხას მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით, ელექტრონული ტექნიკის 42% ბრიტანეთში გადამუშავებას ექვემდებარება, 2020 წლისთვის კი 85%-ის გადამუშავებას ვარაუდობენ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს Eurostat-ის მონაცემებით, 2015 წელს ბულგარეთი შეგროვებული ელექტრონული ნარჩენების 96,5% ამუშავებდა, ელექტრონული ნარჩენების ერთ-ერთი აქტიური გადამამუშავებელია ხორვატიაც 58,3%-ით, ნორვეგია 50,4%-ს ამუშავებდა, ხოლო შვედეთი 51,6%-ს, შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკები შემცირებულია.