
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 125 მიმდინარე, 150 დაბლოკილი, 440 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 8 იდეა განხილვის პროცესშია, ორი კი უკვე შეთანხმებულია.
მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთი იდეის ავტორი თბილისში "სტაიანშიკების" რეგულირებას ითხოვს.
"თბილისში მანქანის გასაჩერებლად პარკირების ადგილას გაურკვეველ ადამიანს, ვისაც ფოსფორისფერი ჟილეტი აცვია, 0,2– დან 2 ლარამდე თანხა უნდა გადაუხადო. ფულის გადახდის ეს პროცესი აბსოლუტურად უკანონოა. "სტაიანშიკი " იღებს უკანონო შემოსავალს, რომლის აღრიცხვა-რეგულაცია არ ხდება.
გთავაზობთ გამოსავლის 2 ვარიანტს: 1 - აიკრძალოს "სტაიანშიკობა" და ეს გაჭირვებული ადამიანები დავტოვოთ შემოსავლის გარეშე. კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, რადგან ისინი არალეგალურად ოპერირებენ და ფულს სძალავენ მოსახლეობას ფსიქოლოგიური ზეწოლის და ფოსფორისფერი ჟილეტის საშუალებით;
2 - აღირიცხოს ყველა "სტაიანშიკი" და მიეცეთ სპეციალური მოწმობები, რომელიც თან ექნებათ მუშაობისას, რაც უზრუნველყოფს მძღოლების ნდობას. მიენიჭოთ მათ იურიდიული სტატუსი ( მიკრო მეწარმე, ინდ. მეწარმე და აშ), ასევე სიმბოლურად დაუწესდეთ მოწმობის ფლობის ყოველთვიური გადასახადი 10 ლარი, რომ კანონის ფარგლებში მოექცეს მათი საქმიანობა. განისაზღვროს მაქსიმალური ფასი პარკირების დროს გადასახდელი თანხის, მაგალითად, ( 0,2 ლ დან 0,5 ლ მდე). ეს რეგულაციები მოაქცევს ქუჩაში ყოველდღიურად მიმდინარე უკანონობას კანონის ფარგლებში და ასევე, მძღოლები დავზოგავთ დროს და ნერვებს,"-აღნიშნულია მოქალაქის განაცხადში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2018 წლის 31 ივლისამდეა.