17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ქართულ ოჯახში ბავშვი პიროვნებად აღიარებული არ არის" - როგორ არ უნდა გავზარდოთ ბავშვი? | Allnews.Ge

"ქართულ ოჯახში ბავშვი პიროვნებად აღიარებული არ არის" - როგორ არ უნდა გავზარდოთ ბავშვი?

ბავშვზე ფიზიკური ძალადობას საქართველოს მოსახლეობის 45% დასაშვებად მიიჩნევს - ასეთია UNICEF-ის კვლევის შედეგი. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე განმარტავს, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ძალადობა საქართველოში აღზრდისა და დისციპლინის დამყარების მისაღები ფორმაა. რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ძალადობრივი მეთოდებით აღზრდამ და რატომ არის საქართველოში აღნიშნული სოციალური ნორმა გამყარებული, ამის შესახებ Allnews.ge მაია ქურციკიძეს ესაუბრა.

კვლევის თანახმად, მშობლების 45%-ს მიაჩნია, რომ აღზრდის ფორმად ძალადობის გამოყენება დასაშვებია. როგორ ფიქრობთ, რა საფუძველი უდევს ამას?

საზოგადოების ნახევარი ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად იმიტომ მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთია ნორმები და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს მათი შვილისთვის კარგია, ამისი ანდაზებიც არსებობს, მაგალითად, "მტრულად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" და ა.შ. ბავშვი აღქმულია არა როგორც სუბიექტი, რომელსაც თავისი აზრები და შეხედულებები აქვს, არამედ, ის არის მშობლის, ოჯახის საკუთრება, ქართულ ოჯახში ბავშვი პიროვნებად აღიარებული არ არის. ზოგი მშობელი ბავშვს აღიქვამს საკუთრებად, რომლის მაგივრადაც თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ეს ყოველდღიურ მეტყველებაშიც კარგად ჩანს.

ასევე ბავშვის აღქმა არის ასეთი, რომ სასურველი ბავშვი არის ნორმალური, რომელიც არ განსხვავდება უმრავლესობისაგან, არის დამჯერი, მორჩილი და მისი ქცევა უფროსების მოლოდინებთან და სურვილებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ სტერეოტიპებიდან ნებისმიერი გადახრა უკვე აღიქმება, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ასევე სტერეოტიპია, რომ ბავშვი უფროსს ყველაფერს უნდა უჯერებდეს. ამიტომ ამ სტერეოტიპიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში, მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი ცუდ გზას ადგას და კარგ გზაზე დასაბრუნებლად უკვე ძალადობრივ მეთოდებს მიმათავს. მშობელი დარწმუნებულია, რომ თვითონ არის სწორი, არ ცდილობს მოუსმინოს შვილს, გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები, შეხედულებები, ჰგონია, რომ ყოველთვის თვითონ იცის, რა არის კარგი. ამიტომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ აღზრდის პოზიტიური მეთოდების შესახებ ცოდნის ნაკლებობა.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს? - წაიკითხეთ ფსიქოლოგ ლიკა თუშიშვილის რჩევები

ბავშვი, რომელზეც ძალადობენ, მერე თვითონაც აღმოჩნება სოციალიზაციის პრობლემის წინაშე. ის ხომ ეძებს, რომელია საზოგადოებაში წარმატებული და სოციალური მოდელი და თუ ის ხედავს, რომელია მისაღები მოდელი, მერე თვითონაც ბუნებრივია, მას ითვისებს და უკვე სხვასთანაც ამ მეთოდებით ურთიერთობს. სწორედ ამ მიზეზის გამო ბავშვებს შორისაც ძალადობის სერიოზული პრობლემა გვაქვს, რადგანაც პრობლემების მოგვარებას ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ. ამას ემატება თვითონ სკოლებში გაბატონებული სისტემის მიმართ უნდობლობა, როდესაც ბავშვებმა არ იციან, ვის მიმართონ, მასწავლებლების არ აქვთ ნდობა და უკვე გარეთ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და ვიღებთ ამ ძალადობრივი ქცევის ჯაჭვს, რომელიც სადღაც უნდა გაწყდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა კამპანიის ფარგლებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახები ბავშვებს აღიქვამენ, როგორც ინვესტიციას, რომელმაც მომავალში როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური სარგებელი უნდა მოუტანოს მათ. ბავშვის მომავალზე რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამან?

ესეც არის ძალადობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ბავშვი აღიქმება, როგორც ინვესტიცია, რომ მერე სიბერეში გამომადგეს, ის არ აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც შეიძლება, მშობლისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, რომლის შეხედულებები შეიძლება, არ შეესაბამებოდეს იმას, რაც მშობელს სურდეს. მშობელსა და შვილს შორის ეს კომუნიკაცია და დიალოგი საქართველოში ძალიან მცირეა. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მათ იციან ყველაფერი, ბავშვის შეხედულებებს ნაკლებად ითვალისწინებენ.

"კარგი, რისი გეშინია, მშიშარა ხარ?" - ფრაზები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა ვუთხრათ

ძალადობრივი მეთოდებით აღზრდილ ბავშვზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პოტენციური მოძალადეა?

პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ ამის დიდი ალბათობა არსებობს. დიდი ალბათობით მას უკვე ჰგონია, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც სხვებთან ურთიერთობაში უნდა გამოიყენო და უკვე შეიძლება, თავად მოძალადე გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ძალადობის უარყოფით მხარეები კარგად გაიაზრონ, რადგან თავდაპირველად, ამით ბავშვს ძალიან დიდ ტრავმას აყენებ, შემდეგ ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური დასჯა არ იგულისხმება, აქ იგულისხმება ხშირად ღირსების შემლახავი გამონათქვამები, ფსიქოლოგიური ძალადობა, უგულებელყოფა. ძალადობის განმარტება ძალიან ფართოა, ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს მეთოდები პირიქით, ძალიან წამგებიანია და ბავშვის განივითარებას ხელს არანაირად არ შეუწყობს.

როგორ უნდა ამოიცნონ მშობლებმა, კონკრეტულად რა იგულისხმება ფსიქოლოგიურ ძალადობაში და არის თუ არა რეკომენდებული ბავშვის ე.წ დასჯა?

მაინცდამაინც დასჯაზე არიან ორიენტირებულები და სწორედ აქ არის პრობლემა. არ არის აუცილებელი, ბავშვი დასაჯო, მასთან კომუნიკაცია, დიალოგია მნიშვნელოვანი, თუ რაიმე გაუგებრობები და უთანხმოებები არსებობს, ყველაფერი პოზიტიური დიალოგის, კომუნიკაციის გზით შეიძლება მოგვარდეს.

მთავარია, მოუსმინონ ბავშვს, მთავარია, გაიაზრონ ის, რომ ბავშვი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც თავისი მოსაზრებები აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მშობელს ენდობოდეს და თუ რაღაც პრობლემები აქვს, მშობელს უთხრას, მასთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს და სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი, რომ უთანხმოება მოგვარდეს.

"ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს" - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობს

შეგახსენებთ, ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა კამპანია დაიწყო, რომელიც ერთი წელი გასტანს და მის ფარგლებში ძალადობის მანკიერი სოციალური ნორმების წინააღმდეგ მოსახლეობას ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონში მიეწოდება.