
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, ზოსიმემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.
მისივე თქმით, მეუფე შიო დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია.
'არაფერი შეცვლილა, ყველაფერი დარჩა ისევ ისე. უბრალოდ, ის დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით და მივულოცეთ", - განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტს ასევე კითხვით მიმართეს, იყო თუ არა მსჯელობა წმინდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაუკავშირებით საკითხი უბრალოდ მოისმინეს.
"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდმა მოისმინა ინფორმაცია, ეკლესია სწავლობს ამ საკითხს და მომავალში იქნება გამოტანილი დადგენილება", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან განუცხადა, რომ "მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ".
მისივე თქმით, მეუფე შიოს მოსაყდრეობა ლეგიტიმურად მიაჩნია.
გარდა ამისა, პეტრე ცაავას განმარტებით, სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც იყო მსჯელობა.
"ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
კითხვაზე: მხარს დაუჭერს, თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს საქართველო, პეტრე ცაავას განმარტებით, ეს სკითხი ასე არ დგას.
"საკითხი ჯერ ასე არ დგას. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკარაინას, 49 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა ქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება", - განაცხადა მეუფე პეტრემ.