ახალ გუდაურში ე.წ. მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში, ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.