რა ახალი ვალდებულებები დაეკისრება დამსაქმებელს 1 აგვისტოდან? - "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც დამსაქმებელს ახალ ვალდებულებებს დააკისრებს და მათი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს დაუწესებს,- ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკსაიის აკადემიის" ექსპერტმა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი სულთანიშვილმა მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის ინსპექციის სპეციალისტები სამუშაო ადგილზე კრიტიკულ შეუსაბამობებს აღმოაჩენენ, შესაძლოა, კომპანიას სამუშაო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდეს. თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულ შეუსაბამობად, ამაზე გიორგი სულთანიშვილი საუბრობს:
"ნებისმიერ ახალ თანამშრომელს, რომელიც რაიმე ისეთ მოწყობილობასთან იწყებს მუშაობას, რომელიც საფრთხის შემცველია, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თუ ასე არ მოხდა, ესეც კრიტიკული შეუსაბამობების ჩამონათვალში მოხვდება, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. ოფისებში ძირითადად, სახანძრო უსაფრთხოების პრობლემებია, პრობლემაა ცეცხლმაქრების არარსებობა, რომლებსაც, შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანების მიერ ყოველთვე უნდა უკეთდებოდეს ინსპექტირება, შემოწმება, ეს ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტებით დადასტურებული და თვითონ ცეცხლმაქრზე უნდა იყოს იარლიყი, რომელზეც დატანილი იქნება, ცეცხლმაქრი როდის და ვინ შეამოწმა, პასუხსმგებელი პირი ვინ არის და ა.შ".
გიორგი სულთანიშვილის თქმით, კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ვენტილაციისა და ჰაერის ხარისხის საკითხზეც, რომელიც ასევე კანონით რეგულირდება.
"საქართველოში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში აშენებულ ნაგებობებს, რომლის ფასადიც მინით არის გაკეთებული. ეს პრობლემა, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება, ალბათ იმიტომ, რომ კარგი ვენტილაციის მწარმოებელი კომპანიებისა და შემდეგ სწორად მონტაჟის გამოცდილება არ არსებობდა ქვეყანაში. ვენტილაცია და ჰაერის ხარისხი გრძელვადიანად საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად იჩენს თავს და ორგანიზაციებს, სადაც ეს პრობლემაა, მომავალში აუცილებლად მოუწევს მათ საწარმოში არსებული პირობების გამო დაავადებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გადახდა და მკურნალობა", - განმარტა გიორგი სულთანიშვილმა.
ექსპერტის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დათვლილია, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო ადამიანის პროდუქტიულობას მინიმუმ 13%-ით აუმჯობესებს, რაც არა მხოლოდ დასაქმებულთათვის, არამედ კომპანიებისთვისაც დადებითი შედეგების მომტანია. მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობა, რომელიც დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამოქმედდება, ამ მხრივ იმედის მომცემია.
ახალი რეგულაციების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების და საშიში შემთხვევები, მოთხოვნის შემთხვევაში კი შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს და დასაქმებულთა წარმომადგენელს, შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება, არამაიონებელი გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), არასათანადო განათება, აერონები) და ქიმიური ფაქტორები, ასევე უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების, ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებებისა და მათი განხოეციელებისა და უსაფრთხოების სხვა წესების შესახებ.
გარდა ამისა, განახლებული კანონის მიხედვით, დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე პირი, აგრეთვე ორსული და მეძუძური ქალები მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრისათვის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ასევე, ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი აღნიშნულ დარღვევას სამჯერ ან მეტჯერ ჩაიდენს, დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით.
სხვადასხვა ბრუნვის მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირების შემთხვევაში სანქციები დარღვევების მიხედვით სხვადასხვა ოდენობითაა გათვალისწინებული, რომელსაც კანონი განსაზღვრავს.
რაც შეეხება კომპანიების არაგეგმიურ შემოწმებას, ამას ახლანდელი კანონი უკვე ითვალისწინებს, თუმცა, უახლოეს მომავალში ჯანდაცვის მინისტრი გეგმავს ბრძანების გამოცემას, რომლის მიხედვითაც მოხდება იმ კომპანიების კლასიფიკაცია, რომლებიც შრომის ინსპექციამ არაგეგმიურად უნდა შეამოწმოს.