მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის 1 წლის შედეგები - რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება?
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 28 ივნისამდე მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 24 პირს 12 თვით შეუჩერდა.
კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით მართვის მოწმობაზე ქულები მძღოლებს 24 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ამოეწურათ, რამაც საბოლოო ჯამში მართვის უფლების შეჩერება გამოიწვია. კერძოდ:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 5 შემთხვევა.
მძღოლის მიერ საგზაო ნიშანთან ან მონიშვნასთან დაკავშირებული დარღვევები, ასევე ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციის სარგებლობის წესების დარღვევა. ამასთან, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის ან საჭაპანო სტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც საგზაო მოძრაობას აფერხებს ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს - 4 შემთხვევა.
მძღოლის მიერ მობილური კომინიკაციის საშუალებით სარგებლობა - 4 შემთხვევა.
უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა - 3 შემთხვევა.
უწყვეტი ღერძულა ხაზის წლის განმავლობაში განმეორებით გადაკვეთა - 2 შემთხვევა.
წლის განმავლობაში, განმეორებით ავტომობილის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება არ აქვს ან სხვა დარღვევებისათვის აქვს ჩამორთმეული, ასევე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება - 2 შემთხვევა.
ისეთი ავტომობილის მართვა, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არ არის - 1 შემთხვევა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც საავარიო ვითარების შექმნა ან საცობის წარმოქმნა მოჰყვა - 1 შემთხვევა.
მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, ასევე პრიორიტეტული ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე სატარანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა - 1 შემთხვევა.
ავტომობილით გადაყვანისას ბავშვთა უსაფრთხოების წესების დარღვევა - 1 შემთხვევა.
შეგახსენებთ, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.